მიხაილ პოდოლიაკი - ფრონტზე უკრაინის ამჟამინდელი სირთულეები გამოწვეულია დასავლური იარაღის არასაკმარისი რაოდენობით და მიწოდების შენელებული ტემპის გამო
მიხაილ პოდოლიაკი - ფრონტზე უკრაინის ამჟამინდელი სირთულეები გამოწვეულია დასავლური იარაღის არასაკმარისი რაოდენობით და მიწოდების შენელებული ტემპის გამო

ფრონტზე უკრაინის ამჟამინდელი სირთულეები გამოწვეულია დასავლური იარაღის არასაკმარისი რაოდენობით და მიწოდების შენელებული ტემპის გამო, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ გარკვეული რაოდენობის იარაღი და ამას რვა თვე სჭირდება, ამ რვა თვის განმავლობაში ვერაფერს აკეთებ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, დასავლურმა დემოკრატიებმა ჯერ კიდევ სრულად ვერ გააცნობიერეს საფრთხე, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებას უქმნის.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა განაცხადა, რუსეთის გამარჯვება უკრაინაში შეერთებული შტატებისა და მთლიანად დასავლეთის დამცირება იქნება.

„მთელი ქვეყანა მათ თვალწინ დაიშლება, თუ გადაწყვეტილება არ მიიღება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. შემდეგ თქვენ, ყველა იტირებთ და იტყვით –  „ძალიან ვწუხვართ უკრაინელების გამო, რომლებსაც ახლა არ აქვთ საკუთარი სახელმწიფო“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.