მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა არ მიიღებს რუსეთთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის დათმობას მოიცავს
მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა არ მიიღებს რუსეთთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის დათმობას მოიცავს

უკრაინა გამორიცხავს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას და კიევი არ მიიღებს მოსკოვთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის დათმობას მოიცავს, – ამის შესახებ „როიტერთან“ საუბარში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, დათმობებზე წასვლა უკრაინისთვის უკუშედეგის მომტანი იქნება, რადგან რუსეთი უფრო ძლიერად უპასუხებს საბრძოლო „შესვენების“ შემდეგ.

„ომი არ შეჩერდება. ის უბრალოდ გარკვეული დროით დაპაუზდა. ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ინტენსივობით, რუსები შეაგროვებენ იარაღს, ადამიანურ ძალას და იმუშავებენ საკუთარ შეცდომებზე, მცირე მოდერნიზებას მოახდენენ, ბევრ გენერალს გაათავისუფლებენ და დაიწყებენ ახალ შეტევას, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინა და ამის შემდეგ სამშვიდობო პროცესის განახლება შესაძლებელი იქნება.

„მათ სურთ, მიიღონ რაიმე სახის სამხედრო წარმატებები. ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით ნამდვილად არ იქნება სამხედრო წარმატებები. კარგი იქნება, თუ ევროპული და ამერიკული ელიტა ბოლომდე გაიგებს, რომ რუსეთის შუა გზაზე დატოვება არ შეიძლება, რადგან ისინი რევანშისტულ განწყობას განავითარებენ და იქნებიან კიდევ უფრო მეტად სასტიკები. ისინი უნდა დამარცხდნენ, მტკივნეულ მარცხს დაექვემდებარონ, რაც შეიძლება მტკივნეულს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.