მიხაილ ხადარკოვსკის მხარდამჭერთა ჯგუფი წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში პოლიტიკური რეპრესიებია
მიხაილ ხადარკოვსკის მხარდამჭერთა ჯგუფი წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში პოლიტიკური რეპრესიებია

მიხაილ ხადარკოვსკის მხარდამჭერთა სამოქალაქო ჯგუფი წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში პოლიტიკური რეპრესიებია.

მოსკოვ თაიმსის“ ცნობით, დოკუმენტს ხელს აწერენ მსახიობი და მწერალი სტივენ ფრაი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერტა მიულერი, ირლანდიის, ლიეტუვის და ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტები, ასევე „სამეფო კარის თამაშების“ სცენარისტები დევიდ ბენიოფი და დენიელ უაისი. ხელმომწერებს შორის არის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელიც.

„ჩვენ, თავისუფალ სამყაროს მცხოვრებლები შეშფოთებულები ვართ მსოფლიო დემოკრატიის მომავლით, შეშფოთებულები ვადევნებთ თვალს მოვლენებს, რომელიც მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ბოლო თვის განმავლობაში ვითარდება. რუსეთის მოქალაქეები საკუთარ ხელისუფლებას უფლებების დაცვას სთხოვენ“, – ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც „დემოკრატია და ადამიანის უფლებები სულერთი არ არის“, მიიღონ ზომები, რომ „შეაჩერონ უკანონობა, რომელსაც პუტინის რეჟიმი სჩადის“.

აქტივისტები მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას, შეწყვიტონ მშვიდობიან აქციებში მონაწილე აქტივისტების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და პასუხისგებაში მისცეს ის პოლიციელები, რომლებიც აქციებზე გაუმართლებელ ძალას იყენებდნენ.

მანამდე, რუსეთში გამართული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ საქმეების დახურვა რუსეთის კულტურის სფეროს ათობით წარმომადგენელმა, რუსეთის ეკლესიის მღვდლებმა, პედაგოგებმა და მოსკოვის საკრებულოში არჩეულმა დეპუტატებმა მოითხოვეს.

მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დაურეგისტრირებელი კანდიდატების მხარდამჭერ მასობრივ აქციებში მონაწილეობის ბრალდებით 16 ადამიანია დაკავებული. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. მათგან ექვსს საერთო ჯამში 15 წელი მიუსაჯეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ყველა ბრალდება გაყალბებულია.