მიხაელ როთი - ვილნიუსის სამიტზე მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს, როგორი იქნება უკრაინის გზა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებისკენ, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით
მიხაელ როთი - ვილნიუსის სამიტზე მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს, როგორი იქნება უკრაინის გზა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებისკენ, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით

გერმანიის ბუნდესტაგში მიიჩნევენ, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე ძალიან მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება უკრაინის გზა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებისკენ, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით. შესაბამისი განცხადება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გერმანულ გამოცემასთან გააკეთა.

მისი თქმით, გერმანიის მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს შეძლოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

როთის განცხადებით, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია რეალისტური საგზაო რუკა, რომელიც დაკავშირებული იქნება რეფორმირების კონკრეტულ ნაბიჯებთან, ასევე ევროკავშირის შიდა ბაზარზე უკრაინის წვდომასთან.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება. მანამდე კი, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გერმანიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვიოს.