მიხაელ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
მიხაელ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს.

ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები გიორგი ბუტიკაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

შეხვედრას ასევე ესწრება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

„ქართველი ხალხის ბრძოლას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან და გერმანია იქცა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სწორედ ამ ყველაზე ძნელ პროცესში, როდესაც დემოკრატია ხელყოფილია. ხალხი რას ითხოვს? რა აწუხებს? უნდა ნორმალურ, დემოკრატიულ, ევროპული სტანდარტებით დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არა, მიტაცებული უნდა მქონდეს ხელისუფლება, აქ უნდა იყოს რეჟიმი, სადაც ივანიშვილს ადიდებენ და ხალხს არანაირი ადგილი არ დაეთმობა. გერმანია სწორედ იმაში გვიჭერს მხარს, რომ დემოკრატიული სისტემა ავაშენოთ. ღიად ვამბობ, გერმანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი აქტიური არასდროს ყოფილა“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე გიორგი ვაშაძემ.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში დღეს, 13 იანვარს ჩამოვიდა.