მიხაილ პოდოლიაკი - არსებობდა საინფორმაციო დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან, მესმის ამის მიზეზი, მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ პატივისცემით
მიხაილ პოდოლიაკი - არსებობდა საინფორმაციო დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან, მესმის ამის მიზეზი, მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ პატივისცემით

ჩვენ გვესმის, რა რეალობაა საქართველოში. არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა არის შესაძლებლობა, განხილული იყოს ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ჰუმანიტარული საკითხები“.

„მხოლოდ დიალოგს შეუძლია, გვაპოვნინოს გამოსავალი ნებისმიერი პრობლემიდან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი უნგრეთში, სადაც ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიძლება, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდეთ კარგ დიალოგზე უნგრეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ გვესმის, რა რეალობაა საქართველოში. არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება, ვიპოვოთ ფორმატი დისკუსიისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, „საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, დაბრუნდეს უკრაინაში ან გაგზავნონ მესამე ქვეყანაში“.

„არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციო დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მესმის ამის მიზეზი, მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ, და ვილაპარაკოთ პატივისცემით. ჩვენ გვაქვს ინტერესი, პარტნიორებთან გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოგისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია. ჰუმანიტარული მოტივებიდან, ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან, შესაძლოა, მოძებნილი იყო შუალედური გამოსავალი, გაიგზავნოს ის რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, სადაც გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. მისი პატიმრობა არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის რუსეთის ფედერაციის პრობლემა, პუტინის პირადი პრობლემა, რომელიც დიდი აგრესიით გამოირჩევა ოპონენტების წინააღმდეგ და ეძებს შესაძლებლობებს, შეუქმნას მათ ცხოვრებისეული სირთულეები. სააკაშვილი სწორედ ამ საკითხს შეეჯახა. საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, დაბრუნდეს უკრაინაში ან გაგზავნონ მესამე ქვეყანაში და საქართველომ ამ პრობლემის გარეშე გააგრძელოს ორმხრივი, მრავალმხრივი ურთიერთობების მშენებლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის განცხადებით, სასურველია, აღდგენილი იყოს საქართველოს კონტაქტები ევროკავშირთან.

„მესმის ის გავლენა, რომლის მოხდენასაც რუსეთი ცდილობს საქართველოზე. მესმის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ვხედავთ შემცირებულ კონტაქტებს ევროკავშირთან. სასურველია, ეს იყოს აღდგენილი. აქ საჭირო თუ იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვიქნებით. რუსული გავლენების შემცირება ნებისმიერ რეგიონში მომგებიანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად ამ რეგიონისთვის. რუსეთი არ არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების განვითარებით, მისი ინტერესია ქაოსების, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა. მესმის, რომ რუსეთმა, შეიძლება შესთავაზოს კორუფციული ქსელები ან იაფი ელექტრომატარებლები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთის სტრატეგია მხოლოდ სხვების დაკნინებას ემსახურება. საქართველოს შეუძლია, საკუთარ მოქალაქეებს შესთავაზოს უფრო მეტი, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობა. ეს არჩევანი უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ საქართველოს არჩევანს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ამასთან, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესებული იქნება, თუ საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები განვითარდება.

„რა თქმა უნდა, ზელენსკი დაინტერესებული იქნება, თუ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება, დაფუძნებული იქნება სანდოობაზე და ერთად შევძლებთ ინტერესების ლობირებას ევროპაში. ჩვენ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები მოლდოვასთან, ჩვენ მივდივართ ევროინტეგრაციის პარალელური გზებით. ამისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, პირველ რიგში, დაძაბულობის მოხსნა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.