მიხაელ გალერი - საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიითა და კულტურით ევროპული სახელმწიფოა
მიხაელ გალერი - საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიითა და კულტურით ევროპული სახელმწიფოა

საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიითა და კულტურით ევროპული სახელმწიფოა. საქართველოს სურს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან. საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა. მე ვფიქრობ, ეს მისწრაფება მისასალმებელია, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში ევროპარლამენტარი, საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე მიხაელ გალერი.

„საქართველოს მისწრაფება ნათელი და გასაგებია. მე, როგორც ევროპარლამენტის წევრი, ვაფასებ თქვენს სურვილს და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს, ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმება და კონსენსუსია საჭირო. ეს არ არის მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული და არ არის მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობა. ეს დამოკიდებულია ევროკავშირში არსებულ ვითარებაზეც“, – აცხადებს მიხაელ გალერი.

მისივე თქმით, ბევრი საკითხია, რომლებზეც ევროკავშირში განსხვავებულად ფიქრობენ და მოსაზრებები გაყოფილია.

„არიან პოპულისტები, ექსტრემისტები, ანტიევროპული ძალები, რომლებიც ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნიან. ბევრი ფიქრობს, რომ ჯერ ჩვენი სახლი მოვაწესრიგოთ და მერე მივხედოთ ორგანიზაციის გაფართოებას. საბერძნეთი და მაკედონია სახელწოდებაზე შეთანხმდნენ და ახლა დაიწყო აქტიური საუბარი მაკედონიის სურვილზე, გახდეს ორგანიზაციის წევრი. მაკედონიას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2005 წელს მიენიჭა და ახლა მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს საჩქარო არაა და ასე სწრაფად გადაწყვეტილება მაკედონიაზე არ უნდა მივიღოთ“, – აცხადებს მიხაელ გალერი.