მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით აშშ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით აშშ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით აშშ ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას გეგმავს ბელარუსის ხელისუფლების არაადამიანური ქმედებების გამო.

ნედ პრაისის განცხადებით, ლუკაშენკოს რეჟიმი პასუხისგებაში უნდა მიეცეს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და საერთაშორისო ნორმებზე განგრძობითი თავდასხმების გამო. მისი თქმით, აშშ გმობს ბელარუსის ხელისუფლების მიერ დაუცველი ადამიანების სასტიკ ექსპლუატაციას და ლტოლვილების მიერ საზღვრის გადაკვეთის ხელშეწყობას.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვითარება რამდენიმე დღეა, განსაკუთრებულად დაიძაბა. ბელარუსის ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ მიგრანტებს საზღვართან განთავსების საშუალება მისცა, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტების გამოყენებით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს.

გუშინ ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის გამო, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეხუთე პაკეტის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.