მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, რუსეთის, უზბეკეთის, ვიეტნამის, ნიგერიის, იორდანიის, ბურუნდის, სუდანის, ჩინეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ლიბანის, მოლდოვას, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 126 მოქალაქე.
მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციები.
ახალი რეგულაციები პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნასა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებას“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.