მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყისა და ეგვიპტის, ჯამში, ექვსი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.