Middle East Eye – სომალის ტერიტორიაზე სომალილენდის აღიარების შემდეგ ისრაელმა ადგილზე ჯარები განალაგა
სომალის ტერიტორიაზე სომალილენდის აღიარების შემდეგ ისრაელმა ადგილზე ჯარები განალაგა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Middle east eye სომალის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეკემბერში სომალილენდის სახელმწიფოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, ისრაელმა აპრილში დედაქალაქ ჰარგეისაში თავის პირველ ელჩად მაიკლ ლოტემი დანიშნა. გამოცემის თანახმად, ეს ნაბიჯი რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანამ დაგმო.
სომალელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ისრაელმა სომალილენდში 50 ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფი განალაგა თებერვლის ბოლოს, ირანთან ომის განახლებისთანავე.
„ჩვენი სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, ისრაელის სამხედროებმა აფრიკული წარმოშობის ისრაელელი ჯარისკაცები, განსაკუთრებით ეთიოპიელები, შეარჩიეს, რათა ყურადღება არ მიეპყროთ და უფრო ადვილად შეერწყათ ადგილობრივ საზოგადოებასთან“, – განაცხადა სომალელმა მაღალჩინოსანმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისრაელი და სომალილენდი წლების განმავლობაში ფარულად თანამშრომლობდნენ. მან ეს განცხადება სომალილენდის პრეზიდენტთან, აბდირაჰმან მოჰამედ აბდულაჰისთან შეხვედრისას გააკეთა.
„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ფარულად ვთანამშრომლობდით ოპერაციების სერიაში, რომლებიც საიდუმლოდ დარჩება. ახლა ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობა ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ ორივე ხალხისა და რეგიონში სტაბილურობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა კაცმა.
„სიენენმა“ ამ თვის დასაწყისში, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომალილენდმა ისრაელი დამატებითი სამხედრო ბაზით უზრუნველყო, რაც პოტენციურად ისრაელის თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს, ირანში შორ მანძილზე ფრენების დროს იქ გაჩერდნენ. ბევრი ექსპერტი, რომელიც ყურადღებით აკვირდება სომალილენდს, მიიჩნევს, რომ ისრაელი ასევე ცდილობს საზღვაო ბაზის შექმნას წითელ ზღვაზე, რათა გაუმკლავდეს იემენში „ჰუსიტების“ მხრიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეს. სომალილენდის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამედ იუსუფ ალიმ, განაცხადა, რომ ისრაელს სომალილენდში „ბაზა არ აქვს“.