კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მისი ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ალენის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. მიმდინარე თვის დასაწყისში მან ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ განაცხადა. პოლ ალენს არაჰოჯკინსის ლიმფომის დიაგნოზი თავდაპირველად 2009 წელს დაუსვეს.
პოლ ალენმა კომპანია Microsoft-ი 1975 წელს ბილ გეიტსთან ერთად დააფუძნა, თუმცა 1983 წელს მან კომპანია დატოვა და მხოლოდ აქციების ნაწილი და დირექტორთა საბჭოში ადგილი შეინარჩუნა.
ალენი დაკავებული იყო ინვესტიციებით, მათ შორის კოსმოსურ სფეროში. ის რამდენიმე სპორტულ გუნდს ფლობდა.
ჟურნალ Forbes-ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში პოლ ალენმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 44-ე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 20,5 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული.