მიცკევიჩის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
მიცკევიჩის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მიცკევიჩის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

რეგიონული ჰოსპიტლის ქირურგის, ვლადიმერ გიორგობიანის ინფორმაციით, პაციენტს დაზიანებები მუცლის არეში აქვს და შესაბამისი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოყვანილ იქნა უმძიმეს მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების მიერ. აღენიშნებოდა, ცეცხლნასროლი ჭრილობები, მარცხენა ბარძაყისა და მუცლის ღრუში გამჭოლი შემავალი ჭრილობა ცეცხლნასროლი. ასევე, ნაკვეთი ჭრილობა მარჯვნივ, ზურგის არეში. მდგომარეობა იყო უმძიმესი. გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია. მუცლის ღრუში აღმოჩნდა მრავლობითი დაზიანებები. გაკეთდა ყველა საჭირო ოპერაცია. ამჟამად მდგომარეობა არის სტაბილური. მძიმე, მაგრამ სტაბილური. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ვლადიმერ გიორგობიანმა.

მისივე თქმით, პაციენტი სერიოზულ პოსტოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დღის მეორე ნახევარში დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით.