მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საჩივრის განხილვაზე, რომელიც საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაციას გულისხმობდა
მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ამომრჩევლების საჩივრის განხილვაზე, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაციას გულისხმობდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მიჩიგანის ამომრჩევლებმა საჩივარი აშშ-ის კონსტიტუციის საფუძველზე შეიტანეს. სარჩელში 2021 წლის კაპიტოლიუმის შტურმში ტრამპის როლთან დაკავშირებით არის საუბარი.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social-ში მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაქო და აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან დისკვალიფიკაციის სურვილი იყო სამარცხვინო გამბიტი, რომლის მიზანიც არჩევნების გაყალბება იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპი შეძლებს 2024 წლის 27 თებერვალს აღნიშნულ შტატში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობის მიღებას. მიჩიგანის შტატი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატად ითვლება.
მანამდე აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის მიერ მანამდე გამოტანილ გადაწვეტილებას, რომ ტრამპი დაკავშირებული იყო 2021 წლის 6 იანვრის შტურმთან და ასევე, გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს.