მიანმარში საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა
მიანმარში საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა

მიანმარში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა მიანმარის კომერციულ ცენტრში, ქალაქ იანგონში მოხდა. პოლიციის შენობასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს.

მანამდე აშშ-ის, ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მიანმარში დემოკრატიის აღსადგენად ითანამშრომლებენ.

„როგორც მიანმარისა და მისი ხალხის დიდი ხნის მხარდამჭერები, ჩვენ ხაზს ვუსვამთ დემოკრატიის აღდგენის სასწრაფო საჭიროებას და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების პრიორიტეტს“, – ნათქვამია ოთხი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.

უფლებადამცველების მონაცემებით, მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს 70-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოაწყო და ქვეყნის სამოქალაქო ლიდერები დააპატიმრა, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი. მიანმარის სამხედროები გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან.