მიანმარში „როიტერის“ ჟურნალისტები გაათავისუფლეს. ინფორმაციას თავად საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით აქვეყნებს. ჟურნალისტებმა იანგონთან მდებარე ციხე უკვე დატოვეს. მათ პატიმრობაში 500 დღეზე მეტი გაატარეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, მიანმარის პრეზიდენტმა, ვინ მინტმა ტრადიციულ ახალ წელთან დაკავშირებით ათასობით პატიმარი შეიწყალა.
მედიის წარმომადგენლები მიანმარში 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. ისინი საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. ვა ლონი და კიუ სუ-ო მუსლიმი როჰინჯას თემის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აშუქებდნენ. გასული წლის სექტემბერში საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ორ ჟურნალისტს მიანმარის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2017 წლის აგვისტოდან მოყოლებული, დევნის გამო მიანმარი 700 000-ზე მეტმა როჰინჯამ დატოვა.
„როიტერის“ ჟურნალისტები რაკჰაინის შტატში სამართალდამცველებისა და სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან როჰინჯების ეთნიკური ჯგუფის შევიწროებას ინტენსიურად აშუქებდნენ. ჟურნალისტები სამხედრო მოსამსახურეების მიერ როჰინჯას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მკვლელობაზე მტკიცებულებებს აგროვებდნენ. ისინი ანგარიშის გამოქვეყნებამდე დააკავეს.
როჰინჯების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გაშუქებისთვის ვა ლონი და კიუ სუ-ო საპატიო საერთაშორისო ჯილდოთი, პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს.