მიანმარში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით 7 ათასამდე ადამიანი მოკლეს
მიანმარში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით 7 ათასამდე ადამიანი მოკლეს

მიანმარში, აგვისტოდან მოყოლებული დღემდე,  როჰინჯას 7 ათასამდე  ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოკლეს.

სტატისტიკას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნის გამო, მიანმარიდან ბანგლადეშში 600 ათასზე მეტი როჰინჯა გაიქცა.

მიანმარის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლად 730 ბავშვი იქცა, მათგან ნახევარი 5 წლამდე მცირეწლოვანია.

 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემები მრავალჯერ აღემატება მიანმარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც წერია, რომ სამხედროების მხრიდან ძალის გადამეტებას 400 როჰინჯა ემსხვერპლა.

25 აგვისტოს მიანმარის დასავლეთით მდებარე რაკჰაინის შტატში, სამხედროებმა მუსლიმი მოსახლეობის სოფლები გადაწვეს, ასობით ადამიანი კი სასტიკი მეთოდებით აწამეს და მოკლეს.

მიანმარში განხორციელებული ძალადობა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ გაერო-მ ეთნიკურ წმენდად შეაფასა.