მიანმარში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
მიანმარში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გასულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში გარდაცვლილია ორი ადამიანი, 20-მდე კი დაშავდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ცეცხლი გახსნეს, თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გაურკვეველია, ეს საბრძოლო ტყვიები იყო თუ რეზინის.

მიანმარის ქალაქებში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეები საპოროტესტო აქციას უკვე ორ კვირაზე მეტია მართავენ. ისინი სამხედრო მმართველობის დასრულებას და ლიდერის აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვენ.

მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოაწყო და ქვეყნის სამოქალაქო ლიდერები დააპატიმრა, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი. მიანმარის სამხედროები გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან.