მგზავრთნაკადი 22 პროცენტით, ხოლო შესრულებული ავიარეისების რაოდენობა 16 პროცენტით გაიზარდა
მგზავრთნაკადი 22 პროცენტით, ხოლო შესრულებული ავიარეისების რაოდენობა 16 პროცენტით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ცხრა  თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 22.55 პროცენტით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.71 პროცენტით არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 951 218 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.94 პროცენტით (510 897 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის ცხრა თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 513 732 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 19.94 პროცენტით (85 418 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მგზავრთნაკადი 38.73 პროცენტით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 450 417 მგზავრი – 125 740 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში;

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 2 618-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 18 837, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 689, ხოლო ჩარტერების 2 148. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.14 პროცენტს შეადგენს. 8.18 პროცენტით მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ცხრა თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 109 032, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 949 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სამ ავიაკომპანიას – Turkish Airlines-ს, Georgian Airways-ს და Wizz Air-ს თანაბარი 11 პროცენტიანიი წილები აქვთ. სხვაობა სამი ავიაგამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობისა და პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული შემდეგია:

ავიაკომპანია Turkish Airlines – 440 060 მგზავრი 11 პროცენტი;

ავიაკომპანია Georgian Airways – 433 805 მგზავრი 11 პროცენტი;

ავიაკომპანია Wizz Air – 425 991 მგზავრი 11 პროცენტი;

ავიაკომპანია Ural Airlines – 219 245 მგზავრი 6 პროცენტი;

ავიაკომპანია Fly Dubai – 203 073 მგზავრი 5 პროცენტი.