მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სუბსიდირება წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯდება
მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სუბსიდირება წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯდება

მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სუბსიდირება წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯდება. ამის შესახებ საუბარია „სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებათა პროექტის განმარტებით ბარათში. დოკუმენტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

დღემდე სამგზავრო გადაყვანა „საქართველოს რკინიგზის“ შიდა რესურსებით, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლებიდან ფინანსდება. ევროდირექტივა კი, რომლის აღსრულება საქართველოსთვის სავალდებულოა, ამ მიდგომის ცვლილებას ითვალისწინებს.

მთავრობასა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ხელშეკრულების გაფორმება 2019 წლის პირველ მარტამდე იგეგმება. შედეგად, სამგზავრო გადაყვანის სუბსიდირება არა რკინიგზიდან, არამედ ბიუჯეტიდან მოხდება.
„სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება წარმოადგენს საჯარო ინტერესის ობიექტს, რაც მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდებას დაბალი ფასით და მომსახურების მაღალი სტანდარტით გულისხმობს. აღნიშნული საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების ვალდებულების დაკისრება კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის (რომელსაც გააჩნია კომერციული ინტერესი), წარმოადგენს მცდარ პრაქტიკას. სარკინიგზო ოპერატორს დაეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება, რის სანაცვლოდაც იგი მიიღებს კომპენსაციას კომპეტენტური ორგანოსგან“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც.