მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით, ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით, ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ. მათი განცხადებით, გასულ წელს მერიამ მგზავრობის საფასური შეამცირა, ამ ეტაპზე კი, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისა და საწვავზე ფასის ზრდის ფონზე, მათ მოგების გარეშე უწევთ მუშაობა.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები არსებული ტარიფით მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, მერიისგან სუბსიდირებას ითხოვენ.

„საგზურის გადასახადი იყო 60 ლარი, გახდა 90 ლარი. საწვავის ფასი იყო 1,60 ლარი, გახდა 2,60 ლარი. მგზავრობის ფასი იყო 60 თეთრი, გაგვიხადეს 50 თეთრი. ამ ყველაფერს ვითმენთ უკვე დიდი ხანია. ყოფილი მერი ლაშა კომახიძე დაგვპირდა ყველაფერს და მეორე დღეს გადადგა. ასე ჰაერში ვართ დარჩენილი და ჩვენთვის არაფერი კეთდება. პანდემიის გამო რეგულაციები დაგვიწესეს, არც მგზავრის დგომა და წინ ჯდომა შეიძლება, ამან საერთოდ გაგვანადგურა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც არც მძღოლებს დააზარალებს და არც მოსახლეობას.