მეზობლის ინფორმაციით, ბარნოვზე მკვლელობას ორი მცირეწლოვანი შეესწრო
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ორი მცირეწლოვანი შეესწრო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეზობელმა განუცხადა, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მეზობელი აცხადებს, რომ საშველად მისულმა კარს მიღმა ბავშვების საუბრის ხმა გაიგონა. მისივე თქმით, ისმოდა მამაკაცის ხმაც.
„დავაბრახუნე, კარი გამიღეთ-მეთქი. არ გამიღეს და ამიტომ, სალონში ჩავედი, ვთხოვე გამომყოლოდნენ და რომ ავედით, ბავშვმა გააღო კარი, ის სისხლიანი იყო, იატაკი – სულ მოსვრილი. ბავშვმა თქვა, გადახტაო. ჩავთვალე, რომ ქალი გადახტა, ჩავედი ეზოში და ვერაფერი ვნახე, როცა ამოვბრუნდი დავინახე, რომ ახალგაზრდა გოგო იყო გარდაცვლილი“, – განაცხადა მეზობელმა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია. მისი თქმით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.