მეზღვაურები მანუჩარ კეკელიძე და რაულ ტაკიძე ლიბიიდან დაბრუნდნენ
მეზღვაურები მანუჩარ კეკელიძე და რაულ ტაკიძე ლიბიიდან დაბრუნდნენ

ქართველი მეზღვაურები, მანუჩარ კეკელიძე და რაულ ტაკიძე ლიბიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ სარფის საბაჟო რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთეს. მანუჩარ კეკელიძემ საბაჟოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა.

„უაზროდ გამაჩერეს, რაღაც შეკითხვები დამისვეს. პასპორტზე ბეჭდებს ამოწმებდნენ, მებაჟემ ფოტო გადაუღო ჩემს პასპორტს და ვიღაცას ინტერნეტის მეშვეობით გადაუგზავნა. ლიბიიდან გამოგვიშვეს და აქ რაღაც პრობლემებს მიქმნიან“, – განაცხადა მანუჩარ კეკელიძემ.

არსებული ინფორმაციით, შეკითხვები ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეს ეხებოდა.

ლიბიაში ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.