მეწყერსაშიშ ზონასთან, ბროწეულის ქუჩაზე აქცია გაიმართა
მეწყერსაშიშ ზონასთან, ბროწეულის ქუჩაზე აქცია გაიმართა

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონასთან, ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ეკატერინე ჯგერენაიამ განაცხადა, დევნილებით დასახლებულ კორპუსში მცხოვრებ 25 ოჯახს ამ ადგილზე ცხოვრების ეშინია. მისივე თქმით, ევაკუაციის გეგმა არ არსებობს.

„ვითხოვთ ევაკუაციის გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზას გადავკეტავთ“, – განაცხადა ეკატერინე ჯგერენაიამ.

აქციას მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შეუერთდა. როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ხელისუფლებისა და მერიის მხრიდან არ არსებობს ინფორმაცია, რა ხდება და როგორ განვითარდება მოვლენები. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონასთან ცხოვრობენ, პასუხებს ელოდებიან.

„ჩვენი მიზანია, დროზე მოვისმინოთ პასუხები, თუ რა ელოდება ამ მთას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოვთხოვოთ ხელისუფლებას პასუხები, რა ხდება, რა გეგმა აქვთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, აქციის მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. მიმდებარე კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი მცხოვრები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, რა დროსაც მასსა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აგრესიულად განწყობილი მამაკაცი ასევე დაუპირისპირდა ანა დოლიძესაც. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციაც.

ანა დოლიძემ მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან მომდინარე პროვოკაციად შეაფასა.