მევლუთ ჩავუშოღლუ - ვიმედოვნებთ, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობა და სოლიდარობა ჩვენი მეზობლებისთვის სამაგალითო იქნება
მევლუთ ჩავუშოღლუ - ვიმედოვნებთ, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობა და სოლიდარობა ჩვენი მეზობლებისთვის სამაგალითო იქნება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსთან და აზერბაიჯანთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, იმედი აქვს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სოლიდარობა რეგიონში მდებარე მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო იქნება.

მევლუთ ჩავუშოღლუს განმარტებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, რომლებიც გაწერილია ერთობლივ დეკლარაციაში.

„ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და სოლიდარობა იქნება სამაგალითო ყველა ჩვენი მეზობლისთვის რეგიონში. გვჯერა რომ ასეთი მექანიზმი წარმოდგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რათა განვიხილოთ ორმხრივი და რეგიონული საკითხები. თანამშრომლობის მექანიზმმა დაუდო საფუძველი მდგრად მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ჩვენს რეგიონში. დღეს ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც გაწერილია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც შარშან სტამბოლში მოვაწერეთ ხელი“,- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ამასთან, მან ისაუბრა აზერბაჯანის, საქართველოსა და თურქეთის „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმაზე“, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ეს  გეგმა გააღრმავებს საქართველო, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ საკითხებში და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ასევე, მივიღეთ სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას პრაქტიკულ საკითხებში და კონკრეტულ პროექტებში. ეს პროექტები განხორციელდება იმ სფეროებში, როგორიცა ენერგეტიკა, როგორც ჩემმა კოლეგებმა განაცხადეს, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, კულტურაში, გარემოსდაცვის სფეროებში. დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იყო. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განვავითაროთ კომერციული და ეკონომიკური თანამშრომლობა სამ ქვეყანას შორის. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზის სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე. ვაჭრობის მოცულობის გასაზრდელად ჩვენ გვჭირდება საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია, რათა ვაჭრობის ტემპი დაჩქარდეს. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ტრანს-ანატოლიურის  (TANAP)  და სამხრეთის გაზის დერეფანი, ჩვენ უნდა გავამხნევოთ ჩვენი მეგობრები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტიც განხორციელდეს. ეს პროექტები უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას და რესურსების დივერსიფიცირებას რეგიონში და ევროპაშიც. ჩვენ ხაზი გავუსვით მცირე და საშუალო მეწარემეობის მხარდაჭერის აუცილებლობას და ერთობლივი პროექტები გააძლიერებს ეკონომიკურ თანამშრონლობას“ ,- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მხარეებმა შეხვედრაზე, ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მტკიცე მხარდაჭერას, როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას, საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა ტერორიზმთან ბრძოლაში“ ,- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.