მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვა მხოლოდ გაგვაძლიერებს
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვა მხოლოდ გაგვაძლიერებს

თურქეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვა ქვეყანას მხოლოდ გააძლიერებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვინმეს ქმედებების მიუხედავად, იქნება ეს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო ან რამე სხვა, ჩვენ მხოლოდ გავძლიერდებით. 15 წლის წინ ჩვენთვის საჭირო საქონლის მხოლოდ 20 პროცენტს ვაწარმოებდით. ახლა 70 პროცენტზე მეტს ვაწარმოებთ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქი დიპლომატის თქმით, ანკარა თავის ბრძოლაში უკან არ დაიხევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთის მოკავშირეები სირიელ ქურთებს დაუჭერენ მხარს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ეს არის თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ეროვნული უსაფრთხოებისა და გადარჩენის საკითხი.

მან ასევე ისაუბრა თურქეთის ხელისუფლების განცხადებაზე სირიელი ლტოვილებისთვის ევროკავშირში გადასასვლელად საზღვრის შესაძლო გახსნის შესახებ.

„ჯერ თურქეთის სახელმწიფომ 40 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, ევროკავშირმა კი ჩვენ საჭირო მხარდაჭერა არ აღმოგვიჩინა. ნებისმიერ შემთხვევაში, სირიელებს ევროპაში მოხვედრა სურთ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მინისტრის თქმით, ლტოლვილებისთვის საზღვრის გახსნის შესაძლებლობა „არც მუქარა და არც ბლეფია“, არამედ პასუხი ევროკავშირის პოზიციაზე.

შეგახსენებთ, ანკარის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ, გერმანიამ და საფრანგეთმა თურქეთში იარაღის ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.