მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთისთვის F-35-ისა და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაზე შეზღუდვები თუ დაწესდება, ოფიციალურ ანკარას აქვს ალტერნატივა
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთისთვის F-35-ისა და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაზე შეზღუდვები თუ დაწესდება, ოფიციალურ ანკარას აქვს ალტერნატივა

იმ შემთხვევაში თუ, თურქეთისთვის F-35-ისა და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაზე შეზღუდვები დაწესდება, ოფიციალურ ანკარას აქვს ალტერნატივა, –  აღნიშნულის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი არ დარჩება უიმედო მდგომარეობაში.

„ახლა ჩვენ თავად ვაწარმოებთ ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციის 75%-ს. საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებთან ვითანამშრომლებთ, გვაქვს ალტერნატივა. ვიდრე თავად შევქმნით საბრძოლო თვითმფრინავებს, მანამდე უცხოეთიდან შევიძენთ ამ ტიპის პროდუქციას. თუ ეს არ იქნება, მაშინ ამოქმედდება სუ-35-ისა და სუ-57-ის ვარიანტები. თურქეთის წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტები ნატო-ს ასუსტებს“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, თურქეთს აშშ-სგან უნდა მიეღო მეხუთე თაობის F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ ოფიციალური ანკარას მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400-ის შეძენის გამო, ვაშინგტონმა მას ეს პროდუქცია აღარ მიაწოდა.