მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის რესპუბლიკა ავღანეთში თალიბებს სხვადასხვა არხის გამოყენებით უკავშირდება
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის რესპუბლიკა ავღანეთში თალიბებს სხვადასხვა არხის გამოყენებით უკავშირდება

თურქეთის რესპუბლიკა ავღანეთში თალიბებს სხვადასხვა არხის გამოყენებით უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ოფიციალური ანკარა თალიბებთან კავშირზეა ქაბულის ან დოჰას გამოყენებით. ეს კონტაქტები აუცილებელია“, – აღნიშნა თურქმა დიპლომატმა და დაამატა, რომ „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლებმა თურქეთში ვიზიტის მიწვევა ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, სანამ ორგანიზაცია დედაქალაქ ქაბულში შევიდოდა.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ამჟამად ავღანეთში ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა, ავღანეთის „ისლამური პარტიის“ ლიდერი გულბუდინ ჰექმათიარი და ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი, სხვა გავლენიან ავღანელებთან ერთად აწარმოებენ მოლაპარაკებებს „თალიბანის“ ხელმძღვანელობასთან მომავალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

თურქი მინისტრი ოფიციალური ანკარის მხრიდან ავღანეთის ახალი მთავრობის აღიარების საკითხსაც შეეხო.

„თალიბანმა“ პირობა დადო, რომ ინკლუზიურ მთავრობას შექმნის. უნდა ვნახოთ ჩამოყალიბდება თუ არა რეალურად ინკლუზიური მთავრობა. თურქეთი საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმოქმედებს“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.