მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი გააგრძელებს მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას, მედიატორის როლის შესრულებას, ამ მხრივ ჩვენი ძალისხმევა იქნება უწყვეტი
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი გააგრძელებს მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას, მედიატორის როლის შესრულებას, ამ მხრივ ჩვენი ძალისხმევა იქნება უწყვეტი

თურქეთი გააგრძელებს კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას, მედიატორის როლის შესრულებას, ამ მხრივ ჩვენი ძალისხმევა იქნება უწყვეტი, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ახლო მომავალში თურქეთის მხრიდან ახალი ინიციატივები, როგორც ეს მარცვლეულის ექსპორტის შემთხვევაში მოხდა, რაზეც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ომის დაწყების დღიდანვე იყო დიალოგის მომხრე და ძალისხმევას გააგრძელებს.

„პირველ რიგში, ამ ომის დაწყების პირველი დღიდანვე თურქეთი იყო დიალოგისა და მშვიდობის მომხრე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მშვიდობას ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, წარმოიშვა სირთულეები. მედიატორობის როლის მიუხედავად, ჩვენ გარკვეულწილად დავდექით იმ რეალობის წინაშეც, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მიუხედავად უამრავი შესაძლებლობისა, რომლებიც განხორციელდა თუნდაც თურქეთში. თუმცა, საბოლოოდ, მაინც მოხერხდა იმ შეთანხმების მიღწევა, რომ შეიქმნა საკოორდინაციო ცენტრში სტამბოლში, რომელიც უზრუნველყოფს ამ მარცვლეულის და ზოგადად, ტვირთბრუნვის უსაფრთხო გადაზიდვების განხორციელების უზრუნველყოფას. აქ არის არა მხოლოდ მარცვლეულის კრიზისი, არამედ უმნიშვნელოვანესია მხარეების შეთანხმების უზრუნველყოფა. მშვიდობას არ ჰყავს დამარცხებული მხარე და არც ომს ჰყავს გამარჯვებული მხარე. ომში ფაქტობრივად ყველა მხარე დამარცხებულია, თუმცა მშვიდობა არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ იგი განხორციელდეს სამართლებრივი პრინციპების საფუძველზე. შესაბამისად, თურქეთი კვლავაც გააგრძელებს მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას, მედიატორის როლის შესრულებას და ამ მხრივ, ჩვენი ძალისხმევა იქნება უწყვეტი“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.