მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი აშშ-ის სანქციებს თანაზომიერ პასუხს გასცემს
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი აშშ-ის სანქციებს თანაზომიერ პასუხს გასცემს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარა მზად არის, უპასუხოს აშშ-ის ნებისმიერ სანქციას, რომლებსაც სირიაში ოპერაციის გამო დაუწესებენ.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღევანდელ სიტუაციაში ჩვენს სიმტკიცეზე არანაირი სანქციები და მუქარები არ აისახება. ჩვენ ვხედავთ, რომ ისთებლიშმენტის ზეწოლის გამო, პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს წინააღმდეგ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ამ სანქციებს ჩვენ აუცილებლად გავცემთ თანაზომიერ პასუხს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომლის სიტყვით გამოსვლა თურქული ტელეკომპანია „ენტევეს“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები კრიტიკულ დონეზეა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის წინააღმდეგ სირიაში დაწყებული ოპერაციის გამო სანქციები 14 ოქტომბერს დააწესა.