მევლუთ ჩავუშოღლუ - როდესაც საქმე ეხება უკრაინას ან საქართველოს, თურქეთი და დასავლელი მეგობრები მტკიცედ ვუჭერთ მხარს, როცა საქმე ეხება სომხეთ-აზერბაიჯანს, რატომ არ მოვუწოდებთ სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანის მიწიდან
მევლუთ ჩავუშოღლუ - როდესაც საქმე ეხება უკრაინას ან საქართველოს, თურქეთი და დასავლელი მეგობრები მტკიცედ ვუჭერთ მხარს, როცა საქმე ეხება სომხეთ-აზერბაიჯანს, რატომ არ მოვუწოდებთ სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანის მიწიდან

როდესაც საქმე ეხება უკრაინის ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც თურქეთი, ისე ჩვენი დასავლელი მეგობრები, ამ ქვეყნებს მტკიცედ ვუჭერთ მხარს; როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საკითხს, რატომ არ მოვუწოდებთ სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანის მიწიდან, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მშვიდობიან მოსახლეობაზე სომხეთის თავდასხმა სიახლე არ არის. თუ გადახედავთ სომხეთის ისტორიას, მაგალითად, ხოჯალის მოვლენებს, რა დროსაც 630 ადამიანი, მათ შორის, ქალი და ბავშვი სასტიკად მოკლეს. მიმდინარე წლის ივლისში სომხეთი კვლავ დაესხა თავს სამოქალაქო მოსახლეობას. ამჟამად სომხეთი აზერბაიჯანის რეგიონებში თავს ესხმის როგორც სამხედრო ძალებს, ისე მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს. ამასთან, მან სარაკეტო დარტყმების განხორციელება დაიწყო ბაქოს სიახლოვეს და განჯაში, რა დროსაც მის პირდაპირ სამიზნეს სამოქალაქო მოსახლეობა წარმოადგენს და ეს არის ომის დანაშაული“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, აზერბაიჯანი იბრძვის საკუთარ ტერიტორიაზე.

„ისინი ცდილობენ საკუთარი მიწის გამოხსნას ტერორისტებისა და ოკუპანტებისგან. როგორც მორალური, ისე საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ყველამ უნდა აღმოუჩინოს მხარდაჭერა აზერბაიჯანს. თუმცა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ, ან იყონ ძალიან დაბალანსებულნი, ან სომხეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, ეუთო-ს მინსკის ჯგუფში საფრანგეთი ძალიან ღიად უჭერს მხარს სომხეთს. მინსკის ჯგუფი შეიქმნა ამ საკითხის გადასაწყვეტად, ის უნდა იყოს ობიექტური და გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ამ საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა, სამწუხაროდ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით არანაირი კონსტრუქციული ინიციატივა არ წარდგენილა მინსკის ჯგუფიდან. როდესაც საქმე ეხება უკრაინის ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც თურქეთი, ისე ჩვენი დასავლელი მეგობრები, ამ ქვეყნებს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერაა. როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საკითხს, რატომ არ მოვუწოდებთ სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანის მიწიდან? ორივე ქვეყანა ნატო-ს პარტნიორია, და რა თქმა უნდა, ნატო-მ დაბალანსებულად უნდა მოუწოდოს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. ეს გზავნილი ნატო-სგან ნორმალურია. თუმცა, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს რეზოლუციებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რაც ნიშნავს, რომ სომხეთი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს და ეს მოწოდება უნდა გააკეთოს ყველამ, მათ შორის ნატო-მ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი ვერ გადაწყდება“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, ბოლო 30 წელია, აზერბაიჯანის ტერიტორია ოკუპირებულია, მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, სომხეთი კი ძლიერ მხარდაჭერას იღებს.

„არ ვიცი, საიდან აქვთ ამის გამბედაობა, თუმცა ისინი თავს ესხმიან აზერბაიჯანს, აზერბაიჯანი კი საპასუხო ზომებს მიმართავს და საკუთარ მიწაზე იბრძვის. ყველა უნდა იყოს იმის მხარეზე, ვინც მართალია და არა იმის, ვინც ძლიერია როგორც მორალურად, ისე სამართლიანად. როგორც აქამდე აღვნიშნე, აზერბაიჯანს თურქეთისთვის დახმარების თხოვნით არ მოუმართავს, თუმცა თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ უყოყმანოდ აღმოვუჩენთ მათ დახმარებას“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.