მევლუთ ჩავუშოღლუ - მესამე ქვეყნებს ჰქონდათ ასეთი მიდგომა, მოდით, არ დავასრულოთ ომი და მეტად დავუჭიროთ მხარი უკრაინას
მევლუთ ჩავუშოღლუ - მესამე ქვეყნებს ჰქონდათ ასეთი მიდგომა, მოდით, არ დავასრულოთ ომი და მეტად დავუჭიროთ მხარი უკრაინას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანას მიაჩნია, რომ კიევის შეიარაღებით, უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, მევლუთ ჩავუშოღლუ მიიჩნევს, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა ბუჩასა და ირპინში მომხდარის შემდეგ, დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელი გახდა.

მისივე თქმით, „ამის შემდეგ მხარეებს გაუჩნდათ განცდა, რომ ყველაფერი შეიძლება, ბრძოლის ველზე გადაწყდეს და ასეთ მიდგომას ხელი შეუწყეს იმ ქვეყნებმაც, რომელთაც ომი დასრულება არ სურდათ.“

„მესამე ქვეყნებს ჰქონდათ ასეთი მიდგომა – მოდით, არ დავასრულოთ ომი, მოდით, მეტად დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინა მალე დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. თუმცა, თურქი დიპლომატის თქმით, ასეთი რამ არ ხდება.

ჩავუშოღლუს განცხადებით, არც ერთ მხარეს არ აქვს განსაკუთრებული მიღწევები ბრძოლის ველზე და მხარეები აცნობიერებენ, რომ ძალის გამოყენებით სწრაფ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ.

ამიტომ, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი კვლავაც მხარს უჭერს დიალოგს.

„ომის შედეგები განსაკუთრებით მძიმეა უკრაინისთვის. თურქეთი მიისწრაფის მოლაპარაკებების აღდგენისკენ რუსეთსა და უკრაინას შორის, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და თქვა, რომ ანკარა მხოლოდ იმ შეზღუდვებს დაუჭერს მხარს, რომელსაც გაერო შემოიღებს.