მევლუთ ჩავუშოღლუ - ლიბიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტა ხალიფა ჰაფთარსა და რუსეთისგან მხარდაჭერილ „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს არ სურთ
მევლუთ ჩავუშოღლუ - ლიბიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტა ხალიფა ჰაფთარსა და რუსეთისგან მხარდაჭერილ „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს არ სურთ

ლიბიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტა არც ხალიფა ჰაფთარს და არც რუსეთისგან მხარდაჭერილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს სურთ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, აღმოსავლეთ ლიბიის არალეგიტიმური ძალების ლიდერი, ხალიფა ჰაფთარი ლიბიის ომის მოგებას ვერ შეძლებს. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ანკარისთვის ხმელთაშუა ზღვისპირეთში სტაბილურობა მნიშვნელოვანია. მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ლიბიის კონფლიქტში ჩართვის შემდეგ მთელი მსოფლიო თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის და სამხედრო სტრატეგიის წარმატებაზე საუბრობს.

„ჩვენ ვინმეს მიწაზე თვალი არ გვიჭირავს, მაგრამ ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები, რათა დაგვეცვა ჩვენი ინტერესები. ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯებს და მომავალშიც გადავდგამთ, რათა მოვლენები წავიდეს პოლიტიკურ გადაწყვეტამდე და არა სამხედრო დაპირისპირებამდე“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თურქეთი ლიბიაში გაერო-სგან მხარდაჭერილ მთავრობას ეხმარება, რომელიც ტრიპოლიშია განთავსებული. გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი იბრძვის, რომელსაც ტრიპოლის აღება სურს.