მევლუთ ჩავუშოღლუ - დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა გვეუბნება, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს 3+3 ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო
დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა გვეუბნება, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს 3+3 ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა არის წინააღმდეგი, რომ საქართველომ მიიღოს მონაწილეობა 3+3 ფორმატში. ისინი გვეუბნებიან ჩვენც, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს ამ ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო. ეს არ შეიძლება ზეწოლით მოხდეს. თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობისკენ, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის რეალური დიალოგი“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.