აშშ-ის სენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას მევლუთ ჩავუშოღლუმ პოლიტიკური შოუ უწოდა
აშშ-ის სენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას მევლუთ ჩავუშოღლუმ პოლიტიკური შოუ უწოდა

აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება პოლიტიკური შოუა. ასე შეაფასა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს განვითარებულ მოვლენებს სომხების გენოციდად აფასებს.

მევლუთ ჩავუშოღლუს განმარტებით, აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„სენატის რეზოლუცია მეტი არაფერია, თუ არა პოლიტიკური შოუ. მას რაიმე იურიდიული ძალა არ გააჩნია. მათ, ვისაც სურს ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, მშიშარაა და სიმართლისთვის თვალის გასწორება არ უნდა“, – განაცხადა თურქეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს.

აღნიშნული რეზოლუცია ოქტომბერში წარმომადგენელთა პალატამ 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, თუმცა დოკუმენტი სენატში რამდენჯერმე დაბლოკეს რესპუბლიკელმა სენატორებმა.