მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის სანაპიროს განაღმვის საჭიროება არ არის
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის სანაპიროს განაღმვის საჭიროება არ არის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის სანაპიროს განაღმვის საჭიროება არ არის. აღნიშნულის შესახებ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს განაღმვის საჭიროება არ არის და გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტების გაყვანა შეიძლება იმ მიმართულებით, სადაც ნაღმების საფრთხე არ არის. ჩავუშოღლუმ დაამატა, რომ გაერო-ს გეგმის შესაბამისად, საზღვაო ზონის ნაღმებისგან გაწმენდას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.

„ცნობილია ის ადგილები, სადაც საზღვაო ნაღმებია განთავსებული. შესაძლებელია უსაფრთხო გასასვლელების შექმნა სამ პორტში და ეს საშუალებას მისცემს გემებს, ყოველგვარი საფრთხის გარეშე იმოძრაონ. გამყოლის ფუნქციას უკრაინული კატარღები განახორციელებენ. მას შემდეგ, რაც გემები უსაფრთხო ზონაში შევლენ, ისინი შემოწმდება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაერო-ს გეგმას განხორციელებადი უწოდა.

„აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ველოდებით პასუხს რუსეთისგან. თურქეთი ამ გეგმას მხარს უჭერს. თუ მხარეები მხარს დაუჭერენ ინიციატივას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მოვაწყოთ შეხვედრა სტამბოლში დეტალების განსახილველად“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.