მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი უკრაინის კრიზისის დასაწყისიდანვე ინარჩუნებს მკაფიო პოზიციას, გულწრფელად გავაზიარეთ შეშფოთება და კრიტიკა, ჩვენი მოწოდება იყო ჯანსაღი აზრისა და მიდგომებისკენ
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი უკრაინის კრიზისის დასაწყისიდანვე ინარჩუნებს მკაფიო პოზიციას, გულწრფელად გავაზიარეთ შეშფოთება და კრიტიკა, ჩვენი მოწოდება იყო ჯანსაღი აზრისა და მიდგომებისკენ

თურქეთი უკრაინის კრიზისის დასაწყისიდანვე ინარჩუნებს მკაფიო პოზიციას. ჩვენ ყოველთვის პატიოსნად და გულწრფელად გავაზიარეთ ჩვენი შეშფოთება და კრიტიკა. ჩვენი მოწოდება იყო ჯანსაღი აზრისკენ და მიდგომებისკენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო შექმნილი სიტუაციის განხილვას.

მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს დიპლომატიის გზას და ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს.

„ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის შემცირებაზე და დიპლომატიისთვის საფუძვლის შექმნაზე. სამწუხაროდ, 24 თებერვლის შემდეგ დაწყებული ჰუმანიტარული დრამა კვლავ გრძელდება. ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა და სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა. საჭიროა ყველაფერი ამის დასრულება. საჭიროა, რომ სისხლისღვრა და სახეზე ცრემლები შეწყდეს. ყოველთვის ვამტკიცებდით და ვამტკიცებთ, რომ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობამ წარსულში ძალიან სერიოზული გამოცდები ჩააბარა. ჩვენ შორის არის მტკიცე დიალოგი, რომელიც ეფუძნება ურთიერთგაგებას და ნდობას. ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ არამხოლოდ ორმხრივ ურთიერთობაში, არამედ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ მეზობლები ვართ და ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც სიმართლეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიის გზას და ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს, გვსურს, რომ ამან შედეგები გამოიღოს. ყოველი შეხვედრის შემდეგ, მხარეებს შორის პოზიციები უფრო გასაგები ხდება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.