მეუფე სტეფანე - პეტრე ცაავამ შანსი არ დაგვიტოვა, ისეთ დღეში აყენებდა სინოდს, რომ მისი შიშით არ გამოგვეტანა სწორი გადაწყვეტილებები
მეუფე სტეფანე - პეტრე ცაავამ შანსი არ დაგვიტოვა, ისეთ დღეში აყენებდა სინოდს, რომ მისი შიშით არ გამოგვეტანა სწორი გადაწყვეტილებები

პეტრე ცაავას რეალური მტკიცებულება არაფერთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, არც სინოდზე, არც მანამდე, არც შემდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მეუფე პეტრეს ბრალდებები ჭორაობას არ სცდებოდა.

„ეკლესიის დანიშნულება არის, რომ გაცხონოთ თქვენ. ეს არის ჩვენი მოვალეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღვთის შეწევნითა და ღვთის ნებით ვმოქმედებთ. ეს გადაწყვეტილება პატრიარქს არ მიუღია ერთპიროვნულად. საქმე რაშია, იყო ასეთი განწყობა, რომ ყველამ ყველას შეუნდოს და იყოს ყველანაირად ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენი ეკლესია გამოხატავდეს ყველას წინაშე ერთსულოვან პოზიციას. რადგან დაუსაბუთებელი ბრალდება არის ცილისწამება, არც ერთჯერ მას რეალური მტკიცებულება არაფერთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, არც სინოდზე, არც მანამდე, არც შემდეგ. არის მხოლოდ – ამან ის თქვა, იმან ის თქვა, ჭორაობის დონეზე. ზოგადად, არსებობს სულიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მართალია და არავის უსმენს. ეკლესიურ ენაზე ამას ჰქვია ხიბლში ყოფნა. ეს ხიბლში ყოფნის მდგომარეობა მეუფე პეტრესი არის, როგორც დიაგნოზი“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, სინოდის მთელმა შემადგენლობამ ყველაფერი გააკეთა, რათა პეტრე ცაავას მიმართ განყენების გადაწყვეტილება არ დამდგარიყო.

„მან არ დაგვიტოვა შანსი, არა იმიტომ, რომ მან ისეთი სკანდალური რაღაც თქვა, რომ ჩვენ შეგვეშინდა და აღარ ვიცით, რა ვქნათ – არა. ჯერ ერთი, მან, როცა დაიწყო საუბარი, აბსოლუტურად სხვა თემებზე ლაპარაკობდა, რომ თუ უწმინდესი პირობას მომცემს, რომ ასე და ასე გააკეთებს, მაშინ მე არაფერს ვიტყვი. მას უნდოდა სინოდალური მმართველობის შემოღება, ანუ თავისი რაღაც წინადადებები ჰქონდა. ოღონდ, იმ მომენტში ამ საკითხზე არ იყო საუბარი. ჯერ იყო საუბარი, რომ უწმინდესმა უთხრა, რომ რატომ მაყენებ შეურაცხყოფას. მას არ გაუცია პასუხი, რატომ აყენებს შეურაცხყოფას და დაიწყო იქ ლაპარაკი სხვა თემებზე. ეს იყო შანტაჟი მისი მხრიდან, მაგრამ რა დონის იცით, ყველა მიმართულებით, ანუ როგორი რაღაცაა იცით, ანუ მამალაძის საქმიდანაც შანტაჟი იყო, მისგანაც შანტაჟი იყო და ანუ ფაქტობრივად ისეთ დღეში აყენებდა სინოდს, რომ ჩვენ მისი შიშით არ გამოგვეტანა სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა გამოგვეტანა. აშანტაჟებდა რაღაც წერილით. მას ჰქონდა ასეთი სიტყვა და ეს წინასწარაც ნათქვამი ჰქონდა, რომ ესე იგი, თუ ისე არ იქნება, როგორც მას უნდა, რომ მამალაძე, როგორც გმირი და არაფერში არ არის დამნაშავე, რომ ეკლესია მის წინააღმდეგ იბრძვის და ა.შ. ეს ყველაფერ არის სიცრუე და ამის საპირწონედ უნდოდა ეთქვა, რომ ახლა მე თუ ვინმე რამეს მეტყვის, ამის გამო მე იმ წერილს გამოვაქვეყნებ, რომელშიც არ ის მრავალი სიბინძურე. ხოლო რა წერია იმ წერილში, მეუფე დიმიტრიმ თქვა, ფაქტიურად, რომ მამალაძემ საზღვარგარეთ სადღაც გააგზავნა წერილი, წერილის შინაარსი არავინ ვიცით და კომპრომატებით ვითომ, თუ ახლა ჩვენ, მთლიანად სინოდი, ჭკვიანად არ მოვიქცევით, ამ შემთხვევაში იმ კომპრომატებს გამოააშკარავებს. რა კომპრომატებია, არავინ ვიცით“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კითხვაზე, რატომ მიიღო წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება, მიმართოს საქარტველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ, მღვდელთმთავარმა განმარტა, რომ ეს მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

„საქმე იმაშია, რომ, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ის მართალია და ციხიდან უნდა გამოვიყვანოთ, ვამბობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიწყალოს პრეზიდენტმა. ეკლესიას შეუძლია, მიმართოს პრეზიდენტს თხოვნით, რადგან მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რადგან მისი ჯანმრთელობის საკითხი ასე მძიმედ ვითარდება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ვინმეს რამესი ეშინია“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“. ამასთან, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.