მეუფე შიომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა
მეუფე შიომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა

თსუ-ს დამაარსებლებს სურდათ პირველი უნივერსიტეტი სწორედ იმ ღირებულებებზე დაეფუძნებინათ, რომელსაც დავით აღმაშენებელი ეთაყვანებოდა, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მესაყდრემ მეუფე შიომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პარაკლისის შემდეგ განაცხადა.

“ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენებას და თსუ-ს დაარსებიდან მეასე წლისთავს. წმინდა დავით აღმაშენებელი იყო უდიდესი მეფე ჩვენი ერის ისტორიაში, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩვენი ერის აღორძინება და გამთლიანება. აღორძინება როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამეცნიერო და კულტურული თვალსაზრისით. იგი იყო დამაარსებელი დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სკოლებისა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გელათის აკადემია. ყოველი მისი ღონისძიება საეკლესიო, თუ საერო, უკავშირდება ქრისტიანულ ცნობიერებას. უფალი იესო ქრისტეს სახელით მან შეძლო უდიდესი საქმეების აღსრულება, ამიტომაც შემთხვევითი არ არის რომ ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებლებმა ამ დიდი სასწავლებლის დაფუძნება სწორედ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გადაწყვიტეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურდათ დაეფუძნებინათ პირველი უნივერსიტეტი სწორედ იმ ღირებულებებზე, რომელსაც ეთაყვანებოდა აღმაშენებელი. ვლოცავთ თსუ-ს, ვულოცავთ ყველა პროფესორ-მასწავლებელს, სტუდენტებს და ვუსურვებთ, რომ კვლავაც გაგრძელდეს ეს დიდი ტრადიციები და უნივერსიტეტი ყოფილიყოს ამ ტრადიციების  მანათობელი მატარებელი”,- აღნიშნა მეუფემ.

მეუფე შიომ სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.