მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა.

„მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ აღვასრულებთ პანაშვიდს 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად. იმავე წელს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, როდესაც იხდიდა პანაშვიდს მათი სულების მოსახსენიებლად, მან თქვა, რომ ეს დღე არის როგორც გლოვის დღე, ამავე დროს არის ზეიმის დღეც, ასევე არის ჩვენი სულიერი ამაღლების დღეც – ასეთი რამ თქვა მან და ჭეშმარიტად ასეა. ჩვენ ვგლოვობთ მათ გარდაცვალებას, იმ ტრაგიკულ ღამეს. ზეიმი და სულიერი ამაღლება მდგომარეობს იმაში, რომ მაშინ გამოვლინდა ის, რაც არის მთავარი ერის ცხოვრებაში, სურვილი და უნარი სიცოცხლისა და თავგანწირვის, ერისთვის და მოყვასისთვის. ეს არის ალბათ მთავარი, რის გამოც კათოლიკოს-პატრიარქმა ამ დღეს უწოდა ამაღლების დღე.

ჩვენ ყველას გვახსოვს ის დღეები, როგორი ბედნიერები ვიყავით წინა დღეებში, როგორი ერთიანობა გვქონდა, სიყვარული ერთმანეთისადმი და ქვეყნისადმი. მაშინ ბევრი ეკლესიურები არ ვყოფილვართ, მაშინ იწყებოდა ეს პროცესი, ყველას ეკლესიაში მოსვლის, მაგრამ ეს საოცარი ნეტარების განცდა, ეროვნული დიდი სიხარულისა გვქონდა. მე მამებს ვუთხარი – სულიერ ცხოვრებაში ხდება, რომ ღმერთი გაძლევს მაღალ სულიერ მდგომარეობას, ცოტა ხნით გაგრძნობინებს ამას და შემდეგ ეს მდგომარეობა მიდის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამის სულიერი გემო გრჩება. შენ უკვე იცი, რა უნდა იყოს შენი ორიენტირი სულიერ ცხოვრებაში. შეიძლება, ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაშიც ასე იყო. ჩვენს თაობას მიეცა ეს დიდი აღმატებული გრძნობა ერთობისა და თავგანწირვისა, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, რადგან იმ დღეებში ჭეშმარიტად ბედნიერები ვიყავით. ამიტომ ჩვენ ვიხსენიებთ 9 აპრილს დაღუპულთა სულებს, მადლობას ვუხდით მათ ამ თავგანწირვისთვის და ვევედრებით უფალს, რომ ეს თავგანწირვის სული გაძლიერდეს ჩვენში, ვინაიდან ეს ყოველთვის იყო საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა, თავგანწირვა ღვთისთვის და ერისთვის. იმიტომ, რომ სიყვარული იზომება მხოლოდ იმით, თუ რამდენი სისხლი შეგიძლია გაიღო, რამდენად შეგიძლია ცხოვრება და სიცოცხლე გაიღო იმისთვის, ვინც გიყვარს და ეს გამოჩნდა იმ დღეებში. მიუხედავად სისუსტისა, დაცემული და ათეისტური ეპოქის გამოვლისა, ჩვენში მაინც აღმოჩნდა ასეთი დიდი ძალა, ჩვენი წინაპრების დიდი ძალა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.