მეუფე შიო - საუკუნო ცხოვრება არის შეცნობა ღმერთის, თუ გვინდა სულის გადარჩენა, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ღმერთის შემეცნებისთვის
მეუფე შიო - საუკუნო ცხოვრება არის შეცნობა ღმერთის, თუ გვინდა სულის გადარჩენა, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ღმერთის შემეცნებისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, დღეს ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს მოიხსენიებს, ასევე მოციქულთა სწორებს – მირიან მეფესა და დედოფალ ნანას.

მეუფე შიომ სამების ქადაგებისას პირველი მსოფლიო კრების შესახებ ისაუბრა, ასევე საუკუნო ცხოვრებასა და ღმერთის შემეცნებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენება და ასევე მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლის ნანას ხსენება. შეგვეწიოს მათი მადლი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დალოცვას და შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

პირველი მსოფლიო კრება შედგა ნიკეაში 325 წელს არიოზის წვალების საწინააღმდეგოდ. არიოზი ძალიან სახიფათო სწავლება იყო ეკლესიისთვის. არიოზი ამბობდა, რომ იესო ქრისტე არის ქმნილება ღმერთის. მართალია უმაღლესი ქმნილებაა, მაგრამ მაინც ქმნილება არის და სული წმინდაზე ამბობდა, რომ იგი არის უკვე იესო ქრისტეს ძე ღმერთის ქმნილება. აი ასეთი ძალიან სახიფათო სწავლება იყო. ამ სწავლებას დაუპირისპირდნენ წმინდა ათანასე ალექსანდრიელი უპირველეს ყოვლისა და სხვა წმინდა მამებიც. შეიკრიბა კრება, რომელზეც დაიგმო ეს სწავლება. წმინდა მამები ამბობდნენ, რომ თუ იესო ქრისტე არის ქმნილება და აღარ არის ღმერთი, მაშინ გამოდის, რომ მისი სწავლებაც, მისი სახარებაც, ეს არ არის არც ღვთაებრივი, უტყუარი, ჭეშმარიტი და შესაბამისად, მარადიული არ არის და არც მაცხოვნებელი არ არის. ასევე, თუ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, მაშინ ჩვენ ეკლესიაში არა ღმერთს ვეზიარებით, არამედ ქმნილებას ვეზიარებით. შესაბამისად, ჩვენი სულის ცხონებაც და ჩვენი დაცემული ბუნების განკურნებაც შეუძლებელი არის. ამიტომ, პირველ მსოფლიო კრებაზე შეადგინეს მრწამსის სიმბოლო, რომელსაც ჩვენ ყოველ დღე ვკითხულობთ. ამ მრწამსის სიმბოლოში შეიტანეს ტერმინი ჰომოუსიოსი, ერთარსი, რომელიც არ არის ბიბლიური ტერმინი მაგრამ შემოიტანეს, რადგან კარგად გადმოსცენ ეს თანასწორობა მამა ღმერთსა და ძე ღმერთს შორის. იმისთვის, რათა გააბათილონ არიოზის სწავლება. ჩვენ დღეს ვიხსენებთ ამ წმინდა მამებს, რომელთა შორის იყვნენ ათანასე ალექსანდრიელი, წმინდა ნიკოლოზ მიროლუკიის მთავარეპისკოპოსი, იქ გახლდათ სპირიდონ  ტრიმიფუნტელი და სხვა დიდი მოღვაწენი.​ მადლობთ დღეს მათ, რათა ჩვენ შეგვინარჩუნეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და ამასთან დაკავშირებით არის წაკითხული სახარება, სადაც საუბარია სწორედ მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანასწორობაზე. ეს არის უფალი იესო ქრისტეს ბოლო ლოცვა, სანამ მას შეიპყრობდნენ და დააპატიმრებდნენ. ეს საოცარი სიტყვებია, მხოლოდ იოანეს სახარებაში არის გადმოცემული და იქ უფალი იესო ქრისტე ამაზეც საუბრობს, მამა ღმერთთან თანასწორობაზე, ასევე საუბრობს, თუ რა არის სულის საუკუნო ცხოვრება და რა არის ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება.

ფაქტობრივად, აქ არის უმთავრესი სწავლება ჩვენი სარწმუნოების, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. უფალი იესო ქრისტე მამა ღმერთს მიმართავს ლოცვაში და სთხოვს, რომ ყოველი ადამიანი, ვინც მამა ღმერთმა მასთან მოიყვანა, დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა და საუკუნო ცხოვრება. შემდეგ თვითონვე ამბობს იესო ქრისტე, რა არის ეს საუკუნო ცხოვრება. ასეთი საოცარი სიტყვებია – ესე არს ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდენ შენ, ხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე უფალი იესო ქრისტე. ესე იგი, საუკუნო ცხოვრება არის შემეცნება, შეცნობა მამა ღმერთისა და მისგან მოვლენილი ძე ღმერთისა. სწორედ აი აქ ჩანს თანასწორობა მამისა და ძისა, ამ ლოცვაში და ასევე ის, რომ საუკუნო ცხოვრება ეს არის შეცნობა, შემეცნება ღმერთის. ეს არის მთავარი რამ ჩვენს სარწმუნოებაში. თუ გვინდა სულის გადარჩენა, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ღმერთის შემეცნებისთვის, შეცნობისთვის.

მაგრამ რა არის შეცნობა? ჩვენ ადამიანური ცხოვრებიდან რომ ავიღოთ, როდის ვამბობთ, რომ ვიცნობთ მაგალითად ადამიანს კარგად. ჩვენ მრავალ ადამიანს ვიცნობთ, მაგრამ სიღრმისეულად, ღრმად როდის ვიცნობთ ჩვენ ადამიანს, როდესაც მასთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობთ ან ჩვენი უახლოესი მეგობარია ან ოჯახის წევრია. მრავალი რამ გაგვივლია ერთად, ვიცით იგი რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა სურს მას, რა სტკივა, რა უხარია და ასე შემდეგ. აი მაშინ ვამბობთ, ჩვენ ვიცით ვინ არის ის ადამიანი სინამდვილეში. ასევე არის ღმერთის შეცნობაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცნობთ უფალს. როგორ იესო ქრისტე ბრძანებს, როცა ჩვენ ვიცით, რა სურს ღმერთს, რას ფიქრობს იგი, რა ნებავს მას ჩვენთან მიმართებაში, რა მოსწონს უფალს, რა არ მოსწონს უფალს, აი ამის შემეცნება არის სულის ცხონება, სულის გადარჩენა. ეს საოცარი სიტყვებია. ეს არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა, დოგმატების ან ეკლესიის სწავლების. აქ იგულისხმება ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი დაივანებს. როდესაც უფალი ცხოვრობს ჩვენს სულში, მაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცნობთ უფალს და უფალი გვიცნობს ჩვენ. საუკუნო ცხოვრება არის შეცნობა უფლის ანუ მადლის მოხვეჭა. მხოლოდ სულიწმინდის მადლით ხდება ეს. ვერანაირი ჩვენი პირადი მეცადინეობით მარტო ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ. ამისთვის აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება და ცნებების შესრულება.

კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ამაღლების დღესასწაულზე სწორედ სიხარულის თაობაზე იქადაგა. მან თქვა, რომ ადამიანი სწორედ სიხარულისთვის არის შექმნილი. სულიერ სიხარულზე ჭეშმარიტ სიხარულზე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა ინებოს ჩვენ ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, უფლის მცნებების გზით, რათა მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა და აი ამ დიდ გზაზე ჩვენი მანათობლები ჩვენი დიდი მოძღვრები არიან ჩვენი წმინდა მამები ჩვენი დიდი წინაპრები, როგორც პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები, ასევე ჩვენი დიდი წინაპრები, მოციქულთა სწორნი, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, რომელთა ლოცვითაც შეგვიწყალოს და გვაცხონოს უფალმა“, – განაცხადა მეუფე შიომ.