მეუფე შიო მუჯირი - სიმდაბლე გამოავლენს, ხსნის ჩვენში ყველაფერ საუკეთესოს, სიმდაბლისა და სიყვარულის გარეშე ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური
მეუფე შიო მუჯირი - სიმდაბლე გამოავლენს, ხსნის ჩვენში ყველაფერ საუკეთესოს, სიმდაბლისა და სიყვარულის გარეშე ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური

სიმდაბლე გამოავლენს, წარმოაჩენს, ხსნის ჩვენში ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი არის ადამიანში… სიმდაბლისა და სიყვარულის გარეშე ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური. სიყვარული ადამიანს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლია დამდაბლება, როდესაც მან იცის, რა არის სიმდაბლე, ხოლო აი, ეს სიყვარული და სიმდაბლე მოიხვეჭება საღვთო მადლით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ურწმუნო, არაქრისტიანული სამყარო სიმდაბლის ცნებას, სამწუხაროდ, შეურაცხყოფს.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ძალიან მოხარული ვარ თქვენს ტაძარში წირვით. დღეს ჩვენ წავიკითხეთ უფალ იესო ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ. თქვენ მშვენივრად გახსოვთ ეს იგავი, რომ მთესველი არის თავად ძე ღვთისა. იგი თესავს თავის საღვთო სიტყვის თესლს და ეს ნიადაგები, რომლებზეც იყო საუბარი, ვართ ყველა ჩვენგანი, ვინ როგორი ნიადაგია.

ალბათ, როცა ვისმენდით ამ იგავს, ჩვენ გვებადებოდა ეს შეკითხვა: „ვინ ვარ მე? როგორი ნიადაგი ვარ? გზის პირი ხომ არ ვარ, რომელიც გათელილია და იქ თესლი ვერ აღმოცენდება? ან ქვიანი, კლდოვანი ნიადაგი ხომ არ ვარ, რომელზეც, ამ ქვების გამო, საერთოდ ვერაფერი ხარობს? ან იქნებ ეკალ-ბარდით არის სავსე ჩემი გული, სადაც ასევე ყლორტი ვერ იზრდება, აშთობს ეს ეკალ-ბარდი ყველაფერს?“ ასეთი კითხვებია, რომლებზეც ალბათ დღეს ჩვენ ვფიქრობთ. რომელია ეს კეთილი ნიადაგი? რას ნიშნავს „კეთილი ნიადაგი?“ როგორი უნდა იყოს ჩემი გული, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს? ამაზე პასუხს სცემს წმინდა ეკლესია.

წმინდა პეტრე მოციქული ამბობს ასეთ სიტყვებს: „შეიმოსეთ სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასევე, წმინდა ისაია წინასწარმეტყველის პირით უფალი ბრძანებს: „ვისზედა მივიხილო?“ და შემდეგ დასძენს: „არამედ მდაბალსა ზედა“. აი, ეს არის პასუხი წმინდა წერილისა და, მაშასადამე, თავად უფალ იესო ქრისტესი, თუ რომელია კეთილი ნიადაგი, რომელზეც დღევანდელ იგავში იყო საუბარი. ეს არის სიმდაბლე, რომელსაც შეუძლია მიიღოს თესლი ღვთის სიტყვისა და საუკეთესო ნაყოფი გამოიღოს.

დღეს ურწმუნო, არაქრისტიანული სამყარო სიმდაბლის ცნებას, სამწუხაროდ, შეურაცხყოფს. იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დიდი და ბევრი მიღწევა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ თუ იგი არ სწავლობს და არ იმეცნებს სულიერ კანონებს, მიუხედავად მისი მიღწევებისა, იგი სულიერ კანონებსა და სულიერი ცხოვრების კანონებში ვერ ერკვევა. მას არაფერი გაეგება. ამიტომ ასეთი ადამიანები ვერ ხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს სიმდაბლეს, რაოდენ მაცხოვნებელია ის ადამიანისთვის და რომ სწორედ ეს არის საუკეთესო ნიადაგი ღვთის სიტყვისთვის, რომელსაც შეუძლია, გამოიღოს არა მარტო ყლორტი, არამედ კეთილი ნაყოფიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ არის, რომ სიმდაბლე მოიზიადავს ღვთის მადლს? – იმიტომ, რომ სიმდაბლე გამოავლენს, წარმოაჩენს, ხსნის ჩვენში ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი არის ადამიანში. თქვენ იცით, რომ ადამიანი ღვთის ხატებაა და, შესაბამისად, საკუთარ თავში ატარებს ყველაზე აღმატებულს და ყველაზე წმინდას, როგორც ღვთის ხატება. შესაბამისად, თუ ღმერთი სიყვარულია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანიც თავის საუკეთესო გამოვლინებაშიც არის სიყვარულის. ეს სიმდაბლე ავლენს, წარმოაჩენს ამ სიყვარულს და მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმიდის მადლი. სიმდაბლისა და სიყვარულის გარეშე ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური. სიყვარული კი ადამიანს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლია დამდაბლება, როდესაც მან იცის, რა არის სიმდაბლე, ხოლო აი, ეს სიყვარული და სიმდაბლე მოიხვეჭება საღვთო მადლით, რომელზეც დღეს პეტრე მოციქული საუბრობს: „შეიმოსეთ სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

აი, ასეთი საოცარი იგავია დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, და ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ეს საღვთო მადლი, გაგვაძლიეროს ამ მადლმა, რომ ჩვენ შევიგნოთ, გავიგოთ, თუ რა არის სიმდაბლის მნიშვნელობა, რამდენად მაცხოვნებელია ის ჩვენთვის და მოგვცეს მადლი, რომ ჩვენ მივისწრაფოდეთ სიმდაბლის მოსახვეჭად, ვიცხოვროთ სიმდაბლით, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი კეთილი ნიადაგი, რომელიც მოიღებს ამ საღვთო თესლს და გამოიღებს საუკეთესო ნაყოფს, სულის ნაყოფს. რა არის ეს სულის ნაყოფი? – ამის შესახებ გვმოძღვრავს ასევე მოციქული. ხომ გახსოვთ მისი ცნობილი სიტყვები, იგი ამბობს, რომ ნაყოფი სულისა არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, მყუდროება და ა.შ. აი, ეს სათნოება უნდა გამოიღოს ადამიანის სულმა, ეს არის კეთილი ნაყოფი იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ნამდვილი ქრისტიანები და გავახაროთ მამაჩვენი ზეციერი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.