მეუფე შიო მუჯირი - შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით
მეუფე შიო მუჯირი - შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით

შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, – ამის შესახებ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ განსაკუთრებული დღე, რომელსაც ეწოდება ქრისტესშობის წინა კვირა.

წმინდა ეკლესია ჩვენ გვამზადებს შობის დღესასწაულისთვის და ამიტომ დღეს წაკითხული იყო პირველი თავი მათეს სახარებიდან, სადაც უკვე მოთხრობილია იესო ქრისტეს შობის შესახებ.

რა უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ამაზე აღმატებული, რომ უფალი ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, როგორც ადამიანი?! იესო ქრისტეს შობამ ყველაფერი შეცვალა ჩვენს სამყაროში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოიტანა სრულიად ახალი სწავლება, რომელიც ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი იყო, არამედ ასევე იმიტომ, რომ მან გვიბოძა ის ძალა და მადლი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მისი სწავლების ცხოვრებაში განხორციელება. ამიერიდან ყველა ადამიანს შეუძლია განახლდეს და ფერი იცვალოს, იმიტომ რომ კაცობრიობას მოენიჭა ეს ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრება სრულიად ახალი მიმართულებით წარმართოს.

აი, რა არის ეს ახალი ცხოვრება? რა არის ის ძალა და მადლი, რომლებიც მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებით ვიცხოვროთ?

ეს გახლავთ მშვიდობა, ეს გახლავთ სიმართლე, ეს არის ასევე სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი ცნება სრულიად განსაკუთრებულია ქრისტიანობაში. შეგახსენებთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „იმ მშვიდობას კი არ გაძლევთ, რომელსაც იძლევა სოფელი ესე, არამედ ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გიტოვებთ”.

ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სხვანაირს, განსაკუთრებულს. ეს გახლავთ ის მშვიდობა, რომელზეც შობის ღამეს წმინდა ანგელოზები გალობდნენ ზეცაში: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, ეს არის მშვიდობა ადამიანებთან. აი, ეს მშვიდობა და სამართალი, სიმართლე, სრულიად განსაკუთრებულია, ის ამხელს და ვერ ეგუება ბოროტებას, ის ამჩნევს უსამართლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ სძულს ამ უსამართლობის ჩამდენი და ბოროტების ჩამდენი ადამიანი, არამედ, მეტიც, ინარჩუნებს მასთან შინაგან მშვიდობას და შინაგან სიყვარულს მაშინაც კი, როცა უწევს ამ ბოროტების წინააღმდეგ გამოსვლა და ზოგჯერ მკაცრი ზომების მიღებაც კი.

აი, მხოლოდ ასეთ მშვიდობას და ასეთ სიმართლეს მოაქვს სიხარული სულიწმიდაში; არა უბრალო სიხარული, რომელსაც სოფელი ესე იძლევა, არამედ სიხარული სულიწმიდაში.

ჩვენ გვაშფოთებს ხოლმე ის ბოროტება, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, ვინაიდან ის მრავლად არის ამ ცხოვრებაში. ჩვენი მხილება, ჩვენი სიძულვილი გადაგვაქვს ხოლმე ბოროტებისა და უსამართლობის ჩამდენ ადამიანზე, მაგრამ ეს რომ ყოფილიყო სწორი გზა და სამართლიანი დამოკიდებულება, მაშინ უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე არ მოვიდოდა, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყნად ადამიანი, ვინც მეტად თუ ნაკლებად არ არის ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მატარებელი და, შესაბამისად, ბოროტების მატარებელი. ჩვენ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად თავისუფალი ვართ ბოროტებისა და ცოდვისგან? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად ამისა, უფალმა შეიყვარა ყოველი ადამიანი, იგი განკაცდა და ჯვარზე ავიდა ყოველი ადამიანისთვის. იმდენად შეიყვანა მან სწორედ ცოდვილი, დაცემული ადამიანი, რომლისთვისაც მოვიდა და არა მართალი და უცოდველი, რომ თავად ამბობს უფალი იესო ქრისტე: მოვედი სნეულთათვის და არა მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ჯანმრთელია და არ არის სნეული.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვამხელდა ჩვენი ცოდვებისთვის, მაგრამ არ განგვიკითხავდა. ვინაიდან მას განსაკუთრებული სიყვარულით ვუყვარვართ ჩვენ. გაიხსენეთ წმინდა სახარება. სწორედ ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულს მოაქვს ასევე ეს საოცარი მშვიდობა, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, მშვიდობა ღმერთთან და მშვიდობა ადამიანთან; და მხოლოდ მაშინ მოდის ეს სიხარული სულიწმიდაში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.