მეუფე შიო მუჯირი - ღმერთი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს, როდესაც ჩვენს სულში, სიყვარულის ნაცვლად, სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა
მეუფე შიო მუჯირი - ღმერთი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს, როდესაც ჩვენს სულში, სიყვარულის ნაცვლად, სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა

ღმერთი არის სიყვარული,  იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს. როდესაც ჩვენს სულში, სიყვარულის ნაცვლად, სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა. დღეს წაკითხული იყო იგავი უძღებ შვილზე. ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიხსნის, თუ რა არის ცოდვა, რომ ეს არის განშორება ღმერთისგან, ეს არის ღმერთისგან წასვლა შორეულ და უცხო ქვეყანაში, სადაც ადამიანი კარგავს ყველაფერს, კარგავს ადამიანურ ღირსებას.

ცოდვა თავისი ბუნებით უცხოა ჩვენთვის, რადგან ადამიანში ჩადებულია ხატება და მსგავსება ღვთისა.

ეს იგავი წარმოგვიდგენს ორი ადამიანის, ორი შვილის სახეს. ერთი არის მონანული ვაჟი, რომლის მაგალითზეც იგავი გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული, როგორ საფეხურებზე უნდა გაგვატაროს სინანულმა, სანამ ზეციერ მამასთან მიგვიყვანს.

იგავში მოთხრობილია უფროსი ვაჟის შესახებაც, რომელიც ყოველთვის მამის ერთგული იყო და ასევე მოთხრობილია ამ შვილების მამაზეც, რომელშიც იგულისხმება მამა ჩვენი ზეციერი. იგავში ჩანს, რომ მას ძალიან უყვარს თავისი შვილები, ანუ ყოველი ჩვენგანი, ყოველ ჩვენგანს აჯილდოებს სხვადასხვა ნიჭით, მრავალი სიკეთით.

ამ ნიჭებს შორის არის ერთი ნიჭი, რომელიც უმცროსმა ვაჟმა სათანადოდ ვერ გამოიყენა. ეს არის თავისუფლების ნიჭი. არის კიდევ ერთი ნიჭი, რომელზეც საუბარია ამ იგავში. ეს არის სინდისი. უმცროსი ვაჟი მიდის მამის სახლიდან. როგორც მოგახსენეთ, მიდის შორეულ, უცხო ქვეყანაში, იქ კარგავს ყველაფერს, მაგრამ მასში ეს სინდისი იღვიძებს. იგი გონს მოვა, ინანიებს. მაშასადამე, სინდისი მასში არ გამქრალა, არამედ ბოლოს და ბოლოს ამეტყველდა და ეს ადამიანი მამისეულ სახლში დააბრუნა.

როგორ მიიღეს იგი მამის სახლში? დღეს, დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში, წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს უძღები შვილის მიმღები მამის სახესაც. ამ იგავში ჩანს, რომ ღმერთი არის სიყვარული, რომ იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს, როგორ უყვარს მას თავისი დაღუპული უძღები შვილი, როგორ ელოდება მას და როგორ შეხვდება მას, თვითონ გადის მის შესახვედრად, ჩაეხუტება, შეუნდობს ცოდვას და მისცემს მას ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი აქვს.

დაბოლოს, უფროს ვაჟსაც იწვევს ამ დაღუპული შვილის გადარჩენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე, მაგრამ ამ უფროს შვილს არ უნდა მამის სიხარულში მონაწილეობა. ის ნაწყენია. ის ამბობს, როგორ, მე ხომ ყოველთვის შენთან ვიყავი, არ შემიცოდავს, შენი ერთგული ვიყავი ყოველთვის და სანაცვლოდ რას ვიღებო? ჩემმა ძმამ, ანუ შენმა შვილმა, მიიღო საუკეთესო შესამოსელიც, ხელზე ბეჭედიც, ნასუქი ხბოც დაუკალი ნადიმისთვის და მე რა? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს პირველი ადგილი მამის სახლში? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს ეს ყველაფერი, ეს სიკეთეებიო? – ამბობს იგი.

ძვირფასო ძმებო და დებო, აქ იწყება უკვე ანგარიში, ანგარიში უფლებებისა, რომ მე ასეთი დამსახურება მაქვს, ამდენი რამ გამიკეთებია, ვიმსახურებ უფრო მეტს, სხვები არ იმსახურებენ ან ჩემზე ნაკლებს იმსახურებენ და ა.შ. აი, როდესაც იწყება ასეთი ანგარიში, იქ უკვე ქრება სიყვარული, იქ სიყვარული აღარ არის, ვინაიდან სინანული შეიძლება იყოს მხოლოდ სიყვარულის წინაშე, იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული და ცოდვაც ყოველთვის არის ცოდვა სიყვარულის წინაშე. ცოდვის არსი, რომელზეც დღეს იგავშია საუბარი, მდგომარეობს იმაში, რომ ის ცოდვა არის სიყვარულის წინაშე. როდესაც ჩვენს სულში, სიყვარულის ნაცვლად, სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა.

ამაზე მოგვითხრობს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი იგავი, რომელიც გვანუგეშებს და გვასწავლის ცოდვის და სიყვარულის სწორად გაგებას, გვიჩვენებს, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ჩვენს ზეციერ მამას და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა.