მეუფე შიო მუჯირი - ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, საბოლოოდ მივა გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას
მეუფე შიო მუჯირი - ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, საბოლოოდ მივა გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას

ადამიანს თუ არ განუცდია, არ უგრძვნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში, ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, საბოლოოდ მივა გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას“.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა, ვინაიდან იკითხება სახარებისეული იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი უძღები შვილის შესახებ. ეს იგავი იკითხება იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვემზადებით დიდი მარხვისთვის. შესაბამისად, ვემზადებით სინანულისთვის, სინანულის ჟამისთვის. აი, სწორედ ამ იგავში, ალბათ როგორც არსად სხვაგან, არის აღწერილი და ნაჩვენები, რა არის სინანულის არსი.

იყო ერთი კაცი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი. კაცში იგულისხმება მამა ჩვენი ზეციერი, შვილებში – მთელი კაცობრიობა. და აი, უმცროსი შვილი თითქოს ასე ეუბნება მამას, რომ მე შენ აღარ მჭირდები, მინდა, დამოუკიდებლად ვიცხოვრო, ვერ დაველოდები შენს გარდაცვალებას, როცა მერგება ჩემი წილი ქონება მემკვიდრეობით. ამიტომ ახლავე მომეცი ეს ყველაფერი, რაც ჩემია. ისედაც, შემდგომში უნდა მერგოს და წავალ, ჩემს თავს მივხედავ, ახალგაზრდა ვარ, დიდი ცხოვრებაა ჩემ წინაშე და ა.შ.

მართლაც, მამა აძლევს ამ თავის წილ ქონებას და უმცროსი შვილი მიდის. ამით იგავი გვაჩვენებს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომ მას, მართლაც, შეუძლია, თავისი ნებისამებრ გამოიყენოს უფლის მიერ ბოძებული ნიჭები. მიდის ეს შვილი, როგორც ამბობს სახარება, უცხო, შორეულ ქვეყანაში და იქ ვერ უმკლავდება ამ ქონებას, ვერ პატრონობს სათანადოდ, რომ გაამრავლოს და გაძლიერდეს, არამედ ცხოვრობს თავაშვებულად, ყველაფერს, მთელ ამ ავლადიდებას უბრალოდ გაფლანგავს.

ამით რას გვეუბნება ჩვენ სახარება? ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, საბოლოოდ, მივა ამ გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას, რისი მომსწრენიც ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, არაერთხელ ვყოფილვართ.

ბოლოს ისე გაუჭირდება მას, ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვარდება, რომ შეეკედლება ერთ იქაურ კაცს, ადგილობრივს, რომელიც მას დააყენებს ღორების მწყემსად და ეს შვილი ნატრობს, ნეტავ, ღორების სალაფავი მაინც მაჭამონო. სახარება დასძენს, მაგრამ ამასაც ვინ აღირსებდაო, რადგან ესეც ფული ღირს და ესეც ასე მუქთად არ ეძლევა.

აი, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარდება ეს კაცი, რომ „იგი მიდის შორეულ ქვეყანაში“ – გვაფიქრებს ჩვენს ნამდვილ სულიერ მდგომარეობაზე, რაოდენ შორს ვართ ღვთისგან, შორს ვართ მამისგან და აი, გაგება ამ სიშორისა, გააზრება, არის საწინდარი ნამდვილი სინანულისა, საწყისი სინანულისა, იმიტომ, რომ, თუ ადამიანს როდისმე არ განუცდია, რომ იგიც შორს არის, იგიც უცხოობაშია ამ წუთისოფელში, თუ ადამიანს არ განუცდია, არ უგრძნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში, აი, ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი, რა არის ქრისტიანობა, რადგან სწორედ ამ განშორების გამოცდილებიდან იბადება ნამდვილი სინანული და არა იქიდან, რომ ჩვენ ჩამოვთვალოთ ჩვენი მანკიერებები და შეცოდებები.

ეს უფრო ადვილია, მაგრამ განცდა იმისა, რომ მე არ ვარ ჩემს ნამდვილ სახლში, რომ მე შორს ვარ, რომ მე დავკარგე და დავანგრიე რაღაც ძალიან ძვირფასი, წმინდა ჩემი ცხოვრებით, ჩემი ცოდვებით, არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანს უნდება შემდეგ დაბრუნება მამასთან და დაბრუნება თავის ნამდვილ სახლში.

აი, უცებ ადამიანი ამას აცნობიერებს, რამდენი რამ მომცა მე ღმერთმა. პირველ რიგში, რა მოგვცა ჩვენ უფალმა? მოგვცა თავის ძეში, უფალ იესო ქრისტეში ახალი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ მოგვმადლა უფალმა ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა და აი, ამ შეცნობაში ის, რომ ვიწოდოთ ღმერთის შვილებად, მოსიყვარულე შვილებად. და ეს ყველაფერი მე დავანგრიე, უარვყავი, განვაგდე, ავირჩიე უცხო ქვეყანაში წასვლა.

ადამიანი ამას რომ აღმოაჩენს, ეს განაპირობებს, რომ იგი ტრიალდება და ბრუნდება მამისკენ, ბრუნდება მამასთან. და აი, ეს უმცროსი შვილიც გონს მოეგო, როგორც ამბობს სახარება, გაახსენდა მამის სახლი, მამის სიყვარული, მამის სითბო, სიუხვე, დგება, ტრიალდება, მთლიანად ცვლის თავის ცხოვრებას და მიდის მამასთან, ბრუნდება სახლში.

ეს შესანიშნავი ეპიზოდია სახარებაში, როდესაც მამა დაინახავს შვილის მოახლოებას, პირველი გაიქცევა მასთან შესახვედრად, მიეგებება და ჩაიხუტებს მას.

აი, ასეთი საოცარი იგავია დღეს წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელიც არის განკუთვნილი ყველასთვის, ვინც აპირებს მამისგან განშორებას და განდგომას, იმათ აფრთხილებს ეს იგავი, რომ შენ აუცილებლად დაანგრევ შენს ცხოვრებას და აღმოჩნდები პირუტყვის სალაფავთან. და ვინც უკვე განუდგა და დაეცა, მას ანუგეშებს და ეტყვის, „სასოს ნუ წარიკვეთ და გულს ნუ გაიტეხ, რადგან ღმერთი ყოველთვის გელოდება შენ, შენს სინანულს და შენს მობრუნებას“, როგორც ნათქვამია სახარებაში, რომ დიდია სიხარული ზეცაში ერთი ადამიანისთვის, რომელიც მოინანიებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალმა ინებოს, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, აი, ამ უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ მისი ცხოვრება – ეს არ არის ღმერთის შვილის ცხოვრება.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იგავი ჩვენ გვასწავლის, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ უფალს და დავიმკვიდროთ ჩვენ სასუფეველი მისი – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.