მეუფე შიო ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ხვალ დილით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება.

მანამდე, ერთი დღით ადრე, სამების საკათედრო ტაძრიდან ილია მეორეს საზეიმო თარიღი მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიულოცა.

„დღეს კიდევ ერთხელ ვსარგებლობთ შემთხვევით და ვულოცავთ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი, 40 წლის განმავლობაშიც და მანამდეც, როდესაც ის მღვდელმთავარი იყო, როგორც მოსე წინასწარმეტყველი მიუძღოდა და მიუძღვის ერს აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ კიდევ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერის, ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას“, – აღნიშნა მეუფე შიომ ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში.