მეუფე შიო - ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად, ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა
მეუფე შიო - ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად, ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა

ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელების, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფე შიომ განაცხადა, მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას ორი მხარე აქვს, ერთი არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე სულიერი.

„უმძიმესი პერიოდია მთელს მსოფლიოში კორონავირისის პანდემიის გამო, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენასაც, ისევე როგორც სხვა მოვლენებს, აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე მხარე, ისე როგორც მედალს ორი მხარე აქვს. აქაც შეიძლება ასე ვიფიქროთ, ამ მოვლენასაც აქვს, პირობითად რომ ვთქვათ, ორი მხარე, ერთი მხარე არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს ძალიან და უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს. ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს გადადება და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა.

მაგრამ გახსოვთ, რა გვითხრა წინა კვირას უწმინდესმა, რომ ეს ჩვენთვის კეთდება, ეს ადვილი შესასრულებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩვენ თუ დავრჩებით მხოლოდ აი, ამ ხორციელი, მატერიალური, ასე ვთქვათ, შეფასების ამ შრეში, მაშინ ჩვენ არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მთავარი ამ შემთხვევში არის ის, რომ ღმერთი არ დავკარგოთ, ღმერთს არ დავშორდეთ.

აი, ამ მოვლენას აქვს ასევე მეორე შრე, უფრო მაღალი, ეს არის სულიერი, თუ რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს დიდი განსაცდელი. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ, რომ ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი, ეს იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს, თუ რაიმე აქვს მას ცოდვა პირად ცხოვრებაში. რაც შეეხება ოჯახს,  ერს და და სიმრავლეს ხალხისა“,- აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოს მართლმადიდებლები, ასევე არამართლმადიდებლები და პოლიტიკოსებიც გამოდიან და სინანულზე საუბრობენ.

„ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ არათუ ჩვენ, მართლმადიდებლები, არამედ არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და ამაზე საუბრობენ, სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ  ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა. ხომ არ შევცოდეთ ჩვენ და საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ იმ ცოდვებს, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღვთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება სოციალურ სფეროში.

პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ, მით უმეტეს, გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე, ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად. ხომ არა არის დრო, რომ ამაზე დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა. რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს, ვიმეორებ, ორი შრე აქვს ამ მოვლენის აღქმას, ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური, მეორე არის სულიერი, ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ. ეს არ ნიშნავს, რომ იფიქრო სულიერზე და გამორიცხო მატერიალური და არ გაითვალისწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ, პირიქით, ორივე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ ის წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს ვირუსს, ეს განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია, შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა – ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება, მისდამი ლოცვა“,- განაცხადა მეუფემ.

როგორც მეუფე შიო აცხადებს, „უფალს ძალიან ძლიერ ვუყვარვართ“.

„უფალს ჩვენი განკურნება უნდა დღეს, ჩვენი მობრუნებაც უნდა, ჩვენ ვუყვარვართ უფალს ძალიან ძლიერ, ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ. ჩვენც, მიუხედავად ჩვენი მცირე სარწმუნოებისა, არ უნდა დავეჭვდეთ ამ სიყვარულში და უნდა მივეახლოთ მას და ვილოცოთ უფლის წინაშე, ისეო ქრისტეს წინაშე“,- განაცხადა მეუფე შიომ.

დატოვე კომენტარი