მეუფე შიო - ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უფლისთვის, მოყვასისთვის, ჩვენი წინაპრებისა და ერისთვის
მეუფე შიო - ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უფლისთვის, მოყვასისთვის, ჩვენი წინაპრებისა და ერისთვის

ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უფლისთვის, მოყვასისთვის, ჩვენი წინაპრებისა და ერისთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებაზე აღნიშნა.

მეუფემ შობის დღესასწაულზე ისაუბრა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის უფალი იესო ქრისტეს შობის წინა კვირა, რომელიც თავის მსახურებით გადადის უკვე საშობაო მსახურებაში. ეს დღე ეკუთვნის უფალი იესო ქრისტეს წინაპრების მოხსენიებას. ჩვენ მის წინაპრებს ვიხსენიებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არის ოჯახი მისი უფალი იესო ქრისტესი, სახარებაშიც და პავლე მოციქულის ეპისტოლეშიც იყვნენ მოხსენიებული უფალი იესო ქრისტეს წინაპრები.

ეს საოცარი განწყობა ჩვენს თავზეც უნდა გადმოვიტანოთ. როდესაც ვართ ყველაზე მძიმე წუთებში, როდესაც ვცოდავთ, ვამბობთ კი ასე – „შემიწყალე უფალო?“. რაც არ უნდა დაცემული ვიყოთ, მაინც ღვთისანი ვართ.

სახარებიდან გამომდინარე, ჩვენს წინაპრებზეც უნდა ვიფიქროთ. როგორც იესო ქრისტემ გაამართლა თავისი წინაპრები, ასევე ჩვენც ვეკუთვნით ჩვენს წინაპრებს და სანათესაოს, მათი ნაწილი და მათი გაგრძელება ვართ.

ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი აზროვნებით შეიძლება ან გავამართლოთ ჩვენი წინაპრები, ან დავამწუხროთ და ამაო გავხადოთ მათი ცხოვრება. ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უფლისთვის, მოყვასისთვის, ჩვენი წინაპრებისა და ერისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მან შეკრებილებს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო მილოცვა გადასცა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 23:00 საათზე მივა. ტაძარში  წაიკითხავენ პატრიარქის ეპისტოლეს, რის შემდეგაც, საშობაო მსახურება დაიწყება.