მეუფე შიო - არის აზრი, რომ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას ცენტრი, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სპეციალისტი, რათა ერთად ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ თავიდან სუიციდის პრობლემა
მეუფე შიო - არის აზრი, რომ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას ცენტრი, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სპეციალისტი, რათა ერთად ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ თავიდან სუიციდის პრობლემა

არის აზრი, რომ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას ცენტრი, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სპეციალისტი, რათა ერთად ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ თავიდან სუიციდის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არის ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა. ძალიან იზრდება თვითმკვლელობების რიცხვი საქართველოში. ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის გაათმაგდა თვითმკვლელობათა რიცხვი და ჩვენ ვფიქრობთ ამ პრობლემაზე, ძალიან გვტკივა ეს და შეიძლება, ითქვას, სამწუხაროდ, შეიძლება, ბუნებრივიც არის, რადგან ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. პროპაგანდით მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, მათ შორის აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის და სხვადასხვა. რა თქმა უნდა, ადამიანის სული ვერ უძლებს ამას, ვარდება მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში და მიდის თვითმკვლელობამდე. ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. არის ასეთი აზრი, რომ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრი, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სპეციალისტი სახელმწიფოდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგები და ასე შემდეგ, ერთად ვიფიქროთ ამ პრობლემაზე, თუ როგორ უნდა ვუშველოთ, თავიდან ავიცილოთ ეს პრობლემა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდა მოეწყო, თემაზე – „სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორული შესაძლებლობები“. შეხვედრას მეუფე შიო უძღვებოდა. დისკუსიაში პარლამენტის წევრები, იუსტიციის სამინისტროს, თბილისის საპატრულო პოლიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები ესწრებოდნენ.