მეუფე საბა - ვცდილობდით, პეტრე ცაავას სინანული გამოეთქვა, მაგრამ მან ყველა გზა გადაგვიჭრა
მეუფე საბა - ვცდილობდით, პეტრე ცაავას სინანული გამოეთქვა, მაგრამ მან ყველა გზა გადაგვიჭრა

მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც მზად იყო, დავჩოქილიყავი სინოდის წინაშე და მეთხოვა, მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაგვიჭრა ყველა გზა, – ​ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვცდილობდით, მას სინანული გამოეთქვა, რადგანაც მღვდელთმთავარმა, თუ ეკლესიაში პრობლემებია, უნდა ისაუბროს სინოდზე. მან დაარღვია ამის კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად, როდესაც საჯაროდ მიდის საუბრები და თან მისი ბრალდებები დაუსაბუთებელია, ჩვენ ვითხოვდით, რომ შენდობა ეთხოვა. მით უმეტეს, რომ მან გადაგვიჭრა ყველა გზა. მეუფე პეტრემ გამოსვლისას რაც განაცხადა, ეს ბრალდება სინოდზე თქვა და გამოვიდა სხდომიდან. არ ყოფილა მტკიცებულებების წარმოდგენა. თუ დეტალები გაინტერესებთ, თვითონ მას შეეკითხეთ. რა რეაქცია შეიძლება გქონდეთ ბრალდებაზე, როდესაც ასეთ ბრალდებას გეუბნებათ. როგორც თქვენ გითხრათ მეუფე პეტრემ და წავიდა, ასევე იყო მისი რეაქცია სინოდზე“, – განაცხადა მეუფე საბამ.

ამასთან, მისივე თქმით, პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წმინდა სინოდის წინაშე შენდობა ითხოვა და გაფრთხილება მიიღო, რომლის შესახებაც განჩინების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც მეუფე საბამ აღნიშნა, მეუფე იაკობი ეპარქიის მმართველად რჩება.

ამასთან, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„წმინდა სინოდმა ვიმსჯელეთ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობიდან გამომდინარე. მით უმეტეს, რომ ექიმების დასკვნით არ არის საბოლოო, ნამდვილად არის თუ არა ავად, რადგან ბოლო დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ მისგან არის სიმულაცია. გავითვალისწინეთ მისი ოჯახის მოთხოვნა, მივიღეთ გადაწყვეტილება, წმინდა სინოდმა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან, რომ შეიწყალოს. ძალიან მალე იქნება წმინდა სინოდის ოქმი, რომელიც დეტალურად გეტყვით, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მეუფე პეტრეს ნაცვლად იქნება მეუფე გრიგოლ კაცია, ქუთათელ გაინათელის ნაცვლად იქნება მეუფე იოანე გამრეკელი“, – განაცხადა მეუფე საბამ.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“. ამასთან, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.